11:42:17     22-02-2013
ლეონიდ კუჩმა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მონაწილეობის დასადასტურებლად საკმარისი მასალები აქვს. ეს განცხადება რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ში უკრაინის გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ამ დანაშაულში კუჩმას მონაწილეობას ადასტურებს, და ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელეთ გამოძიებას“, - განაცხადა საზედამხედველო უწყების უფროსის მოადგილემ.
2013 წლის იანვრის ბოლოს კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ უკრაინის შსს გარე ზედამხედველობის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელს ალექსეი პუკაჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის გიორგი ღონღაძის მკვლელობასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს, რაც კანონდარღვევით მოქმედებებში გამოიხატებოდა. მისთვის სამუდამო პატიმრობა სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა. განსასჯელს ჩამოერთვა გენერლის წოდება, მოხდა მისი ქონების კონფისკაცია. ამას გარდა, მას ევალება ღონღაძის ოჯახს კომპენსაციის სახით 63 ათასი დოლარი გადაუხადოს.
ქართველი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელობდა, 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა, ხოლო ამავე წლის ნოემბერში კიევთან ახლოს, ტარაშჩანსკის ტყეში აღმოჩენილი იქნა მისი თავმოკვეთლი სხეული. 2008 წელს მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი უკრაინის შსს გარე ზედამხედველობისა და კრიმინალური დაზვერვის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი.
დამნაშავეთაგან ერთ-ერთმა, უკრაინის შსს ყოფილმა გენერალმა ალექსანდრე პუკაჩმა, ჟურნალისტთან ანგარიშსწორების დამკვეთები დაასახელა. მისი თქმით, ესენი არიან: უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, შს ყოფილი მინისტრი იური კრავჩენკო და უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი. პუჩაკი 2009 წლის ივლისში დაიჭირეს, კრავჩენკომ კი 2005 წლის 4 მარტს მოიკლა თავი, როდესაც ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო გენპროკურატურაში.
გიორგი ღონღაძე კუჩმას ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. მისი მკვლელობა ოპოზიციამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გარიჟრაჟზე. სწორედ ღონღაძის მკვლელობის გამოძიება იყო ვიკტორ იუშენკოს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. ხელისუფლებაში „ნარინჯისფერთა“ მოსვლის შემდეგ ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად კიევში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა, ხოლო თავად მას უკრაინის გმირის სახელი მიენიჭა სიკვდილის შემდეგ.
0