14:36:17     19-02-2013
უნდა გადადგეს თუ არა კბილაშვილი (ვიდეო)?
სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ პირები, რომელთან ერთადაც პოლიციამ ბუტა რობაქიძე დააკავა, შეირაღებულები იყვნენ. კადრების გავრცელების შემდეგ ეჭვს არც ის იწვევს, რომ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმე გააყალბა და მოწმეებს პოლიციის მაღალჩინოსნების საწინააღმდეგო ჩვენება მიაცემინა.
კბილაშვილი საზოგადოებას ურცხვად უმტკიცებდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღები ჩაუდეს. თუმცა, სკანდალური, დაუმონტაჟებელი კადრები საპირისპიროზე მეტყველებს.
შეგახსენებთ, ახალი ხელისუფლების შემდეგ, კბილაშვილის პროკურატურამ რობაქიძის საქმეში მონაწილე მოწმეები დაიბარა და 30 ადამიანს ჩვენებები შეაცვლევინა. თუ ისინი ადრე აცხადებდნენ, რომ პოლიციას რობაქიძისა და მისი მეგობრებისთვის იარაღები არ მიუტანიათ, კბილაშვილისა და გამოძიების ზეწოლის შემდეგ ჩვენება შეცვალეს.
კადრები დღეს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა. ირაკლი ფირცხელავა: "მე მქონდა ინფორმაციები და დავადგინე შემდეგი: ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არცერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი. თუ არ ვცდები, ერთი უნდა ყოფილიყო ნაცნობი. რობაქიძე შემთხვევით არის ამ მანქანაში მოხვედრილი. მანქანა შუადღეზე, იმავე დღეს, ფიგურირებდა დინამოს სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და შესაბამისად, ეს მანქანა მიცემული იყო დაკავებაში.
პირველ ოქტომბრამდე, არჩევნებამდე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას, რადგან კომახიძე არის ადამიანი, რომელსაც თავის შიზოფრენიული აზრები გადააქვს ფილმში და მერე საზოგადოებას ანახებს ამას ყოველივეს.
შესაბამისად, ამ ათი დღის განმავლობაში მე გავუშვი ზუსტად ის მესიჯები იმ ადამიანებთან, ვისაც წესით და რიგით შეხება უნდა ჰქონოდა ამ კადრების ფლობასთან. მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი კადრები, საშინელი კადრები. მე ერთი ცალი მოვიტანე ნივთმტკიცებად პროკურატურაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვენდობი ამ შენობაში მყოფ ადამიანებს და არ ვიცი, ამ კადრებს რა ბედი ეწევა, მინდა, თითოეული ეგზემპლარი გადმოგცეთ თქვენ, ჟურნალისტებს.
ეს კადრები ნანახი აქვს მხოლოდ ჩემს შვილს, რომელიც არის 21 წლის. იმასაც იმიტომ ვანახე, მთელი ღამე გავათენე, რომ ჩემ შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ.
თავიდან, როდესაც ინფორმაცია იყო კომახიძისგან მომდინარე, მე მეგონა, რომ როდესაც ამ კადრებს მოვიპოვებდი, ესენი მართლაც უიარაღოები აღმოჩნდებოდნენ, იმიტომ რომ საპატრულო პოლიციის 30 თანამშრომელი, რომელიც ამ კადრებში ჩანს, რომელიც იღებს იარაღს, ეს იწყება რამდენიმე წამით ადრე გასროლამდე, ის 30 კაცი, ამ პროკურატურაში შესვლის შემდეგ აბსოლუტურად უარყოფენ, რომ იქ იყო იარაღი.
მე არ ვიცი, ზეწოლა იყო მათზე, რას ელაპარაკებოდნენ, რას ჰპირდებოდნენ, ან რა იყო მიზანი, რომ ეცრუათ, მაგრამ ცრუობს მიქაძე, ცრუობს პროკურატურის გამომძიებელი, ცრუობს პატრულის ყველა თანამშრომელი, თქვენ ამას ნახავთ. ჩვენ წინააღმდეგ შეთითხნეს ბრალდება“.
სავარაუდოდ, ამ საქმეს უნდა გადაჰყვეს მთავარი პროკურორი კბილაშვილი, რომელმაც მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინა და აიძულა ეცრუათ. კადრები გადაეგზავნება ექსპერტიზას და თუ დადგინდა, რომ ვიდეო არის დაუმონტაჟებული და არ არის ფაბრიკაცია, გამოდის რომ კბილაშვილმა, ამ გაპროკურორებულმა ადვოკატმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
„ამ კადრების შესახებ არ ვიცოდი. ჩაუტარდება ექსპერტიზა და თუ დადასტურდა, რომ გამოძიებას ჰქონდა გადაცდომა, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - „იმედისთვის“ მიცემული ეს სატელეფონო კომენტარიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთმნიშვნელოვნად ითქვას: მთავარ პროკურორს საკუთარი ბრალდება უკან მიაქვს და ახლა დანაშაულის რიგით თანამშრომლებზე გადაბრალებას ცდილობს.
რობაქიძე პატრულის თანამშრომელმა შემთხვევით 9 წლის წინ მოკლა. მას ბრალი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის წაუყენეს და გაასამართლეს. რობაქიძის მშობლები აცხადებენ, რომ კადრები, რომელიც ფირცხალავამ გაავრცელა, გაყალბებულია. თუმცა, ვისაც ტელევიზიასთან შეხება აქვს, იმისთვის ცხადია, რომ კადრები არც გაყალბებულია და არც დამონტაჟებული. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის პასუხი მაინც მნიშვნელოვანია.
პ.ს: სკანდალური კადრები პირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აჩვენა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამ წუთებში ტელევიზიის წინ მიტინგის გამართვას გეგმავენ. მათი აზრით, „რუსთავი 2“-ს ასეთი შემზარავი კადრები არ უნდა ეჩვენებია. თუმცა, იგივე კადრები აჩვენა ტელეკომპანია „იმედმაც“, მაგრამ რატომღაც მეოცნებეები „იმედს“ არ აკრიტიკებენ.