რატომ შეაგინა საგანელიძემ კობა დავითაშვილს? რატომ შეაგინა საგანელიძემ კობა დავითაშვილს? />


  14:58:34     17-02-2013

რატომ შეაგინა საგანელიძემ კობა დავითაშვილს?

a23546.jpg

უმრავლესობის ლიდერი, ყოფილი მემარჯვენე, ექს-ბიზნესმენი, ივანიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი დავით საგანელიძე კოალიციაში  დიქტატურის დამყარებას ცდილობს.

კაცი, რომელიც ბევრს გვესაუბრებოდა ვაჟკაცობაზე, სამართლიანობაზე, კანონზე, ახლა თავად ხდება განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელი, მოძალადე და კონფორმისტი.

ედუარდ შევარდნაძის დირექტივების შემსრულებელი, ვარდების რევოლუციამდე ხელისუფლებასთან ჩახუტებული „ოპოზიციონერი“, კოალიციის მოკავშირე წევრებთან საუბრისას საკუთარ თანაპარტიელებსაც კი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

თუმცა, მან იცის ვისთან უნდა იმეგობროს კოალიციაში და შესაბამისად, „გულთბილად“ ეპყრობა ხიდაშელს, რადგან მისი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარე და ბელადის ფავორიტია (მიუხედავად იმისა, რომ ხიდაშელი ხშირად დასცინის, არაადეკვატური განცხადებების გამო).

სამაგიეროდ, ჩანერგილები და აგენტები ჰგონია კოალიციის ის წევრები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ბელადს შეხვდნენ და ესაუბრონ. მართალია, საგანელიძეს, მათ, ვინც ჩანერგილად მოინათლა, სულ ნაძირალა და არაკაცი ეძახეს, თუმცა, როგორც ჩანს, „აღზევებულმა მდაბიომ“ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა და ახლა დავითაშვილის ღია გინება დაიწყო კოალიციის შიგნით.

მან, თანაპარტიელების თანდასწრებით, დავითაშვილს მამა-პაპურად შეაგინა და დაიმუქრა, რომ „პასუხს აგებს“... „ყველაფერი გადაწყვეტილია“, - უთქვამს საგანელიძეს.

სხვათაშორის, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრები ყრილობის დასრულების შემდეგაც საუბრობდნენ. რამდენიმე აქტივისტი გუშინ ერთმანეთს უზიარებდა აზრს იმის შესახებ, თუ რა მოხდება დავითაშვილთან დაკავშირებით. 

მათი თქმით, საგანელიძეს მიაჩნია, რომ „დავითაშვილს არ უნდა შერჩეს ის, რაც გაბედა. უმრავლესობამ მის საკითხე უნდა იმსჯელოს და კოალიციიდან გარიცხოს“. 

საქმე ეხება „ალიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც დავითაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. რომ კოალიციაში არის „ელიტა“, რომელიც საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტს, მას კი პრემიერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.

დავითაშვილი უმრავლესობის „განაჩენს“ ელოდება

გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციაში არსებული დაპირისპირების გამო, იქამდე ვიდრე გააგდებენ, დავითაშვილი თავად აპირებს უმრავლესობის დატოვებას.

დეპუტატი, ამ საკითხზე ვრცელი განმარტების გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მისთვის პარლამენტარის მანდატი მნიშვნელოვანი არ არის და თუ საჭირო გახდა, ის არამარტო კოალიციას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც დატოვებს.

„ვაცნობიერებ, რომ ხალხმა მე კი არა, ივანიშვილი აირჩია. არც მე, არც უსუფაშვილი და არც სხვები არ აურჩევია. ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა. ამიტომ, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, მე მანდატსაც დავტოვებ, თუმცა, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. გადაწყვეტილებას სხდომის შემდეგ მივიღებ“, - ამბობს დავითაშვილი.

რამდენიმე დღეში გაირკვევა,  გარიცხავენ თუ თავისი სურვილით დატოვებს უმრავლესობის რიგებს დეპუტატი. დავითაშვილს კიდევ ერთი გზა რჩება - შეუძლია ივანიშვილსა და მის გუნდს დიდი ბოდიში მოუხადოს, მოინანიოს, პატიება ითხოვოს, მორჩილად აიტანოს საგანელიძის პოლიტიკური პანღური და „მოკითხვა“...

P.S: „პრესა.ჯი“ ცდილობდა დაკავშირებოდა საგანელიძეს, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. თუ უმრავლესობის ლიდერი საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასა და კობა დავითაშვილის განცხადებებზე მისი პოზიცია გამოვაქვეყნოთ.

0

ავტორი: