14:22:47     15-02-2013
საია: საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ.
როგორც „პრესა,ჯი“-ს არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ამჯერად, მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მათი ინფორმაციით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება.
„ფაქტია, რომ ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ“,- აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
არასამთავრობოებს კონკრეტული მაგალითბიც მოჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზურაბ დანელიშვილის განცხადება.
„...გამოდის ასე, რომ მე, როგორც საჯარო მოხელე უნდა ვმოქმედებდე კანონში ჩამოწერილი რაღაც მუხლების თანახმად და გამოდის ასე, რომ მე, როგორც რობოტი, როგორც მანქანა, გადაწყვეტილებების მიღებისას ვიყურები კანონის ამა და ამ მუხლის და ასე და ასე...“...
გამგებლის მოადგილის განცხადებით, ის მორალს უკითხავდა სოფლის რწმუნებულებს, რათა ეგრძნოთ მორალური პასუხისმგებლობა და სამსახურებიდან პირადი განცხადებების საფუძველზე წასულიყვნენ.
არასამთავრობოების ინფორმაციით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფატს ასახავს კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 7 თებერვალს გავრცელებული ვიდეომასალაც,
„ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ დანელიშვილი ჭანდარის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტს, ნინო კახაბერს დატოვოს თანამდებობა. მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ნინო კახაბერმა ასევე დაუდასტურა საიას და სამართლიანი არჩევნების კოორდინატორებს პირად საუბარში.
როგორც ჩანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა არც ახლადდანიშნული ადამიანების კვალიფიკაციით ინტერესდება და მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ სთხოვს. მაგალითად, საიამ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ახლადდასაქმებული 46 პირიდან უმრავლესობას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი.
სავარაუდოდ, მათ ან აღნიშნული დოკუმენტები დამსაქმებელთან არ წარუდგენიათ ან ეს მათთვის არავის მოუთხოვია, რაც, ცხადია, ორივე შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა თანამდებობის პირს, იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით და ნუ გასცდება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
„ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.
ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება...), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვითმმართველობის ორგანოების თუ თანამშრომლების მიმართ ან მათი მხრიდან, უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს“,- აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
0