12:10:08     14-02-2013
რუსთაველი მეოცნებეები ძიძიგურს უპირისპირდებიან და „ნაციონალებში“გადასვლით იმუქრებიან

რუსთაველ მეოცნებეებს შორის დიდი დაპირისპირებაა. მათი ერთი ნაწილი, მაჟორიტარ დეპუტატს, ზვიად ძიძიგურს აქტივისტების გადაგდებასა და სიცრუეში ადანაშაულებს. განსაკუთრებით აქტიურობენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრები, რომლებიც თავს მოტყუებულად თვლიან.
„რაც არჩევნები ჩატარდა, ეგ აქ სულ რამდენჯერმე ჩამოვიდა. ვითომ მიღების საათები აქვს. თუმცა, ძირითადად, თავის ორ-სამ ხელის ბიჭს ელაპარაკება. მოგვატყუა. კარგი კაცი გვეგონა, მაგრამ მატყუარა და გადამგდები აღმოჩნდა.
არც დაგვასაქმა, ბოლომდე ხელფასებიც არ გაისტუმრა და დავრჩით ასე - მართლა ოცნების ამარა“, - აცხადებენ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები.
რუსთაველი მეოცნებეები ვერც პარტიულ გავლენებს იყოფენ. მათი აზრით, ძიძიგური, რომელიც ქალაქში იშვიათად ჩნდება, თავისი უმოქმედობით, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო აღვივებს.
„ხალხი უკმაყოფილოა. უკვე მეოთხე თქვე გადის და რუსთავს, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არც კი შეეტყო. პირიქით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ძიძიგური და ივანიშვილი ჩვენი ქალაქისთვის ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ.
მაჟორიტარი დეპუტატი თათბირებზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სამსახურებიდან დათხოვნის საკითხებს იხილავს“, - ამბობს რუსთაველი ნათელა ქავთარაძე, რომლის განცხადებითაც, ქალაქმა მცდარი არჩევანი გააკეთა, როცა დეპუტატად სამტრედიელი ძიძიგური აირჩია.
რუსთაველები უკმაყოფილებას გამოხატავენ ფინანსთა სამინისტროს მიერ ქალაქის ბიუჯეტის შემცირების გამოც. „იმის ნაცვლად, რომ ძიძიგურს ფინანსთა სამინისტროსთვის რუსთავის ბიუჯეტის გაზრდა ეთხოვა და რუსთაველებისთვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა მდგომარეობა, ამ საკითხით საერთოდ არ დაინტერესებულა.
ჩამოიგრიალებს მანქანით, გაჩერდება ორი-სამი საათი, მერე რესტორანში გაძღება და წავა თბილისში. ესაა სულ მისი „დახმარება“ რუსთავისადმი“, - ამბობს შოთა მაისურაძე, ქალაქ რუსთავის მკვიდრი.
ბატონი შოთა აცხადებს, რომ მან და მისმა ოჯახმა არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ძიძიგურმა რუსთაველების „ფეხებზე დაკიდება“ განაგრძო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავა.
„პრესა.ჯი“ კომენტარისთვის დეპუტატ ძვიად ძიძიგურთან დაკავშირებას რამდენჯერმე შეეცადა. მის მობილურს უცნობმა ქალბატონმა უპასუხა და გვითხრა რომ „ბატონ ზვიადს ახლა და მითუმეტეს ჩვენთვის არ სცალია“. ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული ძიძიგური ჟურნალისტებისთვის თუ არა, რუსთაველებისთვის მაინც მოიცლის.
0