13:08:47     13-02-2013
კბილაშვილის წყალწაღებული სამართალი
![a23502.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23502.jpg)
მთავარი პროკურორი კბილაშვილი ე.წ. ეთიკურ კომისიას ქმნის, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა განაჩენებს უნდა გადახედოს. ასეთ გადაწყვეტილებამდე კბილაშვილი იმ თავის ახლობელ-ადვოკატთა პირადმა მოთხოვნამ მიიყვანა, რომლებიც რამდენიმე გახმაურებული საქმის დანგრევითა და დამნაშავეთა მართლმსაჯულების კლანჭებიდან დაძვრენით არიან დაინტერესებულნი.
კბილაშვილის პირველი განცხადება, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხებოდა, გია გვიჩიანის საქმე („თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობა) იყო. კბილაშვილმა მაშინ ზუსტად ის განაცხადა, რაც ე.წ. უფლებადამცველ გელა ნიკოლეიშვილს სურდა. სწორედ ისაა გვიჩიანის ადვოკატი.
კბილაშვილის ეთიკური კომისია-საბჭო, რომელიც კაცმა არ იცის ვისით და რა ინტერესების მქონე ადამიანებით დაკომპლექტდება, ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლებაზე (კანონზე) მაღლა უნდა დადგეს და გადაწყვიტოს: არის თუ არა, ის პირი უდანაშაულო, რომელიც სასამართლომ უკვე სცნო დამნაშავედ და გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშიც შევიდა. თუ რამდენად იდიოტურია კბილაშვილის ეს იდეა, იურისტებისთვის გასაგები იქნება.
რა ხდება პროკურატურაში?
გარდა იმისა, რომ კბილაშვილმა, პროკურატურა, თავისი მეგობარ-ნათესავებ-კურსელებით გატენა, ეს უწყება სულ უფრო მეტად ემსგავსება ერთი მხრივ, პოლიტიკური რეპრესიების და მეორე მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული პატიმრების „გამპრავებელ“ კანტორას.
მეტიც: კბილაშვილი მორჩილად ასრულებს მეოცნებე დეპუტატების დირექტივებს. მაგალითად, მეცხე არხის დირექტორის, ლუბა ელიაშვილის ქმარი, დეპუტატი შალვა შავგულიძე ის „უნფროსია“, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კბილაშვილს პირადად ავალებს მისთვის სასურველი მსჯავრდებულის ციხიდან გამოშვებასა და მძიმე დანაშაულის „როგორმე გაპრავებას“.
ეს მაშინ, როცა კბილაშვილის პროკურორები ჯერჯერობით თავს იკავებენ განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენონ ვინმე დავით ჯოხაძეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსთაველზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში.
ვიდეო-კადრებით დადასტურებულია, რომ დავით ჯოხაძემ პირველმა ესროლა ზურა ტარყაშვილს (მერე აგლაძემ, გოგბერაშვილმა, რუსიშვილმა...), შემდეგ კი პარლამენტის მიმართულებით გაიქცა და მკვლელობის იარაღი ურნაში ჩააგდო.
მიუხედავად მოკლულის მშობლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადებებისა, უამრავი მოწმისა და ვიდეო-მტკიცებულებებისა, კბილაშვილის უწყებამ ამ დრომდე ვერ მოაბა თავი ჯოხაძის ბრალდებულად ცნობას (მკვლელობის მუხლით).
(ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულები არიან: დავით რუსიშვილი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს განზრახ მკვლელობაში და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს - მიესაჯა 21 წელი, ივერი გოგბერაშვილი, მას 24 წელი მიუსაჯეს და ირაკლი აგლაძე, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის ამ დრომდე მიმალვაშია. იმალება ჯოხაძეც, რომელსაც ჯერ მკვლელობის ბრალდება წაყენებული არ აქვს და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იძებნება, რაც საქმის გარემოებიდან გამომდინარე, უკიდურესი ცინიზმია).
მართალია, კბილაშვილის მიზანი ბოლშევიკური და სრულიად გაუგებარი კომისიების შექმნა და მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ვერც ერთი კომისია ვერ გადახედავს სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს.
მართლაც: პროკურორი, რომელიც მუდამ სამართლიანობაზე გვებაასება, ამ შემთხვევაში თავად დგება კანონზე მაღლა და ნაცნობ-მეგობართა თხოვნა-ბრძანებით იმ ქვევრს ემსგავსება, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
კბილაშვილმა ვერ გაბედა და პასუხისგებაში ვერ მისცა მეოცნებე ლუკა კურტანიძე, რომელმაც მოხუცი სპორტსმენი სცემა, უფრო ადრე კი, ლაგოდეხელებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა.
როგორც ჩანს, გაპროკურორებული ადვოკატისთვის, მთავარია, იმ სკამზე იჯდეს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. წყალსაც წაუღია სამართლიანობა...