14:32:04     12-02-2013
თეა ავთანდილოვნა და იოსებ ბესარიონოვიჩი...

რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მწუხარე სახით, პოლიციელებთან შეტაკებისას დაღუპული ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის ხსოვნის მემორიალი გახსნა.
„ცრემლმორეულმა“ წულუკიანმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი წინა ხელისუფლების მსხვერპლნი არიან.
რა თქმა უნდა, ქალბატონ თეას, აზრად არ მოსვლია, რომ გაეხსნა მამამისის, ბატონ ავთანდილ წულუკიანის მიერ დახვრეტილი 20 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
სამაგიეროდ, როგორც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იუსტიციის მინისტრმა ძეგლი დაუდგა რუსთავის მე-5 კოლონიის ე.წ. მაყურებელ ხუბულოვს. მისი თქმით, წულუკიანმა, ფაქტობრივად, ცეცხლი გაუხსნა იმ პოლიციელებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს.
თუმცა, თეა წულუკიანის მტკიცებით, „სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად“ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ არ დაივიწყოს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი.
წულუკიანი და სტალინი
წარმოიდგინეთ, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავს მამამისის სისხლიან ისტორიებს, ხსნის პოლიციელებთან შეტაკებისას დაღუპული ბიჭების მემორიელს, ხოლო მისი ხელისუფლება, საქართველოს რეგიონებში ძეგლს უდგამს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიქტატორს, ჯალათს, ასი ათასობით ადამიანის მკვლელობაში დამნაშავე სტალინს.
უკიდურესი ცინიზმია, როცა ივანიშვილი და მისი მინისტრები მზად არიან ყალბი ცრემლებით დაალბონ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ხოლო ამავე დროს, გორში, კახეთსა თუ სხვა რეგიონებში, მასობრივად, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, იხსნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტირანის - სტალინის ძეგლები.
ასეა საჭირო?
სხვა საკითხია, უნდა იხსნებოდეს თუ არა, სახელებითა და გვარებით მემორიალები. წულუკიანისთვის, თუ თავად ვერ ხვდება, ვინმეს უნდა აეხსნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, დადგმულიყო არა ზონის ყოფილი მაყურებლის ძეგლი, არამედ ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი (მათ შორის გირგვლიანის, სხვების...).
როგორც ჩანს, ქალბატონი წულუკიანი იმდენად გაურბის მამის სისხლიანი ისტორიების შეხსენებას, რომ შესაძლოა, ამ შემთხვევაში, პარალელიც კი ყოფილიყო გავლებული „დიდი ქართველი მოსამართლის“, ბატონ ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილ სისხლიან განაჩენებთან.
შესაბამისად, იუსტიციის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ თბილისის იუსტიციის სახლთან უნდა დაიდგას არა ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა, არამედ კონკრეტულად, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის ხსოვნის მემორიალი.
0