12:50:28     12-02-2013
შს სამინისტროში გამართული თათბირის დეტალები

შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 8 თებერვლის სიხლიანი მოვლენების სხვაზე გადაბრალებას რომ ცდილობს, ეს მისი საჯარო გამოსვლებიდან ცხადად ჩანს. მინისტრს, რომელსაც არ ეყო გამბედაობა პასუხისმგებლობა აეღო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების გამო, ახლა თბილისის მერს, გიგი უგულავას უტევს.
გუშინ, მას შემდეგ რაც დედაქალაქის არჩეულმა მერმა, საჯაროდ დააფიქსირა რომ არ აპირებს პოლიციაში მისვლას და გამომძიებელს თბილისის მერიაში ელოდება, შს სამინისტროში, მინისტრის ბრძანებით საგანგებო თათბირი გაიმართა.
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თათბირს, მინისტრის გარდა ესწრებოდნენ: მოადგილეები, გენერალური ინსპექციის უფროსი, საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი, თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა და „მოდულის“ პირველი პირები.
თათბირზე, მინისტრის ინიციატივით განიხილეს თემა: როგორ უნდა აიძულონ გიგი უგულავა, რომ მელორ ვაჩნაძის მიერ „ჯიბეში ჩასმული“ ძველი თბილისის პოლიციაში დასაკითხად გამოცხადდეს.
შს მინისტრი თათბირზე მისთვის დამახასიათებელი ლექსიკით საუბრობდა (გაიხსენეთ როგორ აგინებდა ღარიბაშვილი ხიდაშელს) და თბილისის მერს პოლიციაში „მითრევით“ ემუქრებოდა.
თათბირის მონაწილეები ღარიბაშვილს კიდევ უფრო მეტად აქეზებდნენ და აცხადებდნენ რომ თუ უგულავა პოლიციაში არ მივიდოდა, ეს შს მინისტრზე იმოქმედებდა ნეგატიურად და საზოგადოებაში მისი რეპუტაცია შეირყეოდა.
შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს თათბირზე არ უთქვამთ რომ მინისტრის რეპუტაცია უკვე შეირყა 8 თებერვლის სისხლიანი მოვლენების დროს, როცა პოლიციის და კონკრეტულად, ღარიბაშვილის უპასუხისმგებლო (უარეს შემთხვევაში მისი წაქეზებით) მოქმედების გამო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის წევრებს.
თათბირზე უგულავასთან დაკავშირებით ორი მიმართულება გამოიკვეთა: ან იძულებით უნდა მიიყვანონ პოლიციაში ან უმცირესობის გაღიზიანებას უნდა მოერიდონ და შუალედური გზა მოძებნონ. თუმცა, ვიდრე ამ აზრამდე მივიდოდნენ, შს მინისტრმა ღიად გააკრიტიკა ფინანსური პოლიცია და მინისტრი ხადური. მისი თქმით, ხადურმა შექმნა პრეცედენტი და უგულავას დაკითხვის მიზნით, გამომძიებლები მერიაში გააგზავნა (რამდნეიმე კვირის წინ).
საბოლოოდ, კრება მხიარული მაშინ დარჩა, როცა შს სამინისტროს თათბირზე მყოფი თანამშრომლები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ: „უმცირესობის წევრებს მაგრად შეუსრულეს“.
0