11:10:36     11-02-2013
ღარიბაშვილი კვლავ კონფრონტაციას ირჩევს
![a23466.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23466.jpg)
შს სამინისტრო, მინისტრის დავალებით, 8 თებერვალს მომხდარი სამარცხვინო ინციდენტის ირგვლივ თბილისის არჩეული მერის, გიგი უგულავას დაკითხვას აპირებს. სავარაუდოდ, ღარიბაშვილი უგულავას დაკითხვაზე გამოძახებით იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიჩქმალვას ცდილობს, რომლის გამოც ქართული ოცნების ეგზალტირებულმა ბრბომ დეპუტატებსა და დედაქალაქის მერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
იმის ნაცვლად, რომ შს მინისტრს ყოფნოდა გამბედაობა და პასუხისმგებლობა აეღო პოლიციალთა უმოქმედობით გამოწვეული დაპირისპირების შესახებ, ღარიბაშვილი, როგორც ჩანს, კვლავ კონფრონტაციის გზას ირჩევს.
თბილისის არჩეულმა მერმა, დაკითხვაზე გამოძახებისთანავე განაცხადა, რომ მზადაა, გამომძიებლების კითხვებს თბილისის მერიაში უპასუხოს. მაშინ, როცა პროკურორები გია ხუხაშვილის თანაშემწედ ქცეულ ყოფილ მაღალჩინოსან ჩხატარაშვილს "პიქსელში" ეახლნენ და იქვე დაკითხეს, რატომ არ შეიძლება გიგი უგულავას მერიაში დაკითხვა? თანაც, ფინანსურმა პოლიციამ თბილისის მერი ერთხელ უკვე დაკითხა მერიის შენობაში.
თუმცა, შს სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თუ გიგი უგულავა მელორ ვაჩნაძის მიერ შეშინებული ძველი თბილისის პოლიციაში არ გამოცხადდება, მას იძულებით მიიყვანენ დაკითხვაზე.
არადა, ივანიშვილი მართლაც რომ სამართლიანი და დემოკრატი იყოს, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ტყუილებით სცადა საკუთარი უმოქმედობის გამო გამოწვეული დაპირისპირების სხვაზე გადაბრალება, დღეს შს მინისტრი აღარ იქნებოდა.