21:42:49     10-02-2013
პრეზიდენტი ივანიშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა.
ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.
ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.
ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში", - ეს განცხადება პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
0