სააკაშვილი: ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში სააკაშვილი: ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში />


  22:25:12     08-02-2013

სააკაშვილი: ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში

a23452.jpg

„მინდა შეშფოთება და გულისტკივილი გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და შეხლა შემოხლა ყოფილიყო“,- ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლა, რომელიც დიდი აურზაურისა და დაპირისპირებების შემდეგ მაინც შედგა.

მიხეილ სააკაშვილი: ის რაც დღეს ვნახეთ არის ისტორიული მომენტი, მინდა ყველამ დასვას კითხვა ეს ის საქართველოა რომელიც ჩვენ გვსურს? ეს ის გზაა რომელიც ჩვენ ევროპისკენ წაგვიყვანს? მინდა ყველამ გაანალიზოს, რომ საარჩევნო კამპანია დასრულდა და დროა აწყმოზე შევთანხდეთ, საქართველოს ამოცანაა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და წინ წაიწიოს.

პრეზიდენტის თქმით, ის დეპუტატების წინაშე ქუთაისის პარლამენტში  გამოსვლისთვის, მათი კრიტიკის მოსმენისა და მწვავე კითხვების საპასუხოდ მზად იყო, თუმცა პარლამენტმა ეს არ მოინდომა.

ამასთან სააკაშვილის განცხადებით,  საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად ის მთავრობის დათხოვნას არ აპირებს.

ქვეყნის პირველმა პირმა საპარლამენტო უმრავლესობის შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი: ასეთი რამ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. აქ არის დიპლომატიური კორპუსი. მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ დაგვიანებისთვის, ასევე ბოდიში მოვუხადო, რომ მათ მიმართ მოხდა ძალადობრივი საქციელი, ბოდიში მოვუხადო ქართული სახელმწიფოს სახელით იმიტომ, რომ მე, როგორც ამ სახელმწიფოს მეთაური, ვიზიარებ პასუხისმგებლობას ჩვენი პოლიციის მოქმედებაზე და თუნდაც უმოქმედობაზე, ამ შემთხვევაში. მაგრამ დამემოწმებით, რომ არ არსებობს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტს უკრძალავენ გამოსვლას პარლამენტის წინაშე, როცა მას ეს ეკუთვნის და საერთოდ უკრძალავენ გამოსვლას სიტყვით და საერთო უკრძალავენ გამოსვლას სასახლიდან.

ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რიმ მის „ბუნკერებში“ გამოკეტვას ვერავინ შეძლებს.

„ მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დღეს მომიწოდებს არ გამოვიდე სასახლიდან, ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს".- აღნიშნული განცხადების გაკეთბის შემდეგ სასახლეში შეკრებილ დიპლომატიურ კორპუსსა და ჟურნალისტებს სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისთვის მომზადებული ტექსტი წაუკითხა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ის უმრავლესობისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას გეგმავდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის უმრავლესობის ყველა წევრს წარმატებას უსურვებს ქვეყნის სასიკეთო საქმის კეთებაში.

 

„მოდით შევაფასოთ არჩევნების შედეგები, ნუთუ ხალხმა იმის განადგურებას მისცა ხმა რაც აქამდე გაკეთდა, თუ პირიქით მოსახლეობა უმრავლესობისგან იმაზე უფრო მეტს ელოდება ვიდრე იყო. ვინც რაც უნდა ის ილაპარაკოს მე ხალხთან შეხვედრას მომავალშიც გავაგრძელებ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საუბრის ბოლოს სააკაშვილმა მმართველ ძალასთან კოჰაბიტაციურ რეჟიმზე გადასვლის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„ძველ და ახალ ხელისუფლებას განსხვავებები ავქს, თუმცა არსებობს ოთხი იდეა, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. საქართველო უნდა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქვეყანაში უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, უნდა ვიყოთ ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების შიში არ ექნებათ, ხალხი თავისუფლად იცხოვრებს, ეს არ არის პარტიული იდეები და თუ ამ იდეების მხარდამჭერი ვიქნებით, ხალხი სარგებელს მიიღებს. უნდა დაისახოს ერთობლივი სტრატეგიები და  ერთად ვიმუშავოთ  დემოკრატიული პროგრესისთვის. ერთად ვიმუშავოთ, გავუზიაროთ ინფორმაციები, ბევრი რამ ვიცით რაც გამოადგებათ”,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას და პრემიერ მინისტრს.

„არავინ გვავალდებულებს, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა  ერთ სუფრასთან  ვახტანგურები ვსვათ და უნდა გვესმოდეს, ბიბლიოთეკა  არ არის სამოქლაქო ომის, რიტორიკის და ცილისწამების ადგილი“,- დასძინა სააკაშვილმა.

0

ავტორი: