00:47:17     08-02-2013
მარტყოფში, სტალინის ძეგლის „გაკრასკვისგან“ დასაცავად დარაჯი გამოყვეს

ახალი ხელისუფლება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ, საბჭოთა კავშირის ყველაზე სისხლიანი ბელადის, იოსებ სტალინის მიმართ დამოკიდებულების შეცვლასაც ცდილობს.
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, რეგიონებში ტირანის ძეგლების მასობრივი აღდგენა დაიწყო.
კახეთის რამდენიმე სოფელში მოიძიეს და აღმართეს მანამდე სანაგვეზე მოსროლილი დიქტატორი. გორში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ისტორიისა და ხალხის საპატივცემულოდ“ იოსებ ბესარიონოვიჩისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენა მოითხოვეს. გორსაც, როგორც კახეთის სოფლებს, მალე დაამშვენებს მისი მონუმენტი.
თუმცა, რამდენიმე კვირაა საქართველოში თანამედროვე „ზორო“ გამოჩნდა, რომელიც უხილავად დარბის საღებავით და სტალინს ქვეყნის დასანახად ავარდისფერებს.
ვარდისფრად შეღებილ სტალინის ძეგლთან დამწუხრებული მეოცნებეები იკრიბებიან და „ვიღაც ჯალათის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ“. სოციალურ ქსელებში კი ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება „აღიარებითი ვიდეოები“ სახელწოდებით - „მე შევღებე სტალინი“.
შეშინებული „მეოცნებე-სტალინისტები“ ჯერჯერობით ვერაფრით ახერხებენ „ვარდისფერსაღებავიანი „ზოროს“ აღმოჩენას“. ამიტომაც, მათ ბელადის ძეგლის „ყარაულობა“ გადაწყვიტეს.
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მარტყოფში, სტალინის შელახულ პორტრეტს, დღეიდან რამდენიმე ადამიანი უდარაჯებს. უცნობია თუ ვინ უწევს ორგანიზებას სტალინის ძეგლის დაცვას, თუმცა, მარტყოფელები აღიარებენ, რომ აქ, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის სისხლიანი ბელადი ისევ კულტია.
„როცა ტელევიზიებით ყოველ დღე აჩვენებენ თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სტალინის ძეგლებს, როგორც ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი დაცვა „გაკრასკვისგან“, - აცხადებენ მარტყოფელები.
0