13:57:03     07-02-2013
რა ხდება სუბარის ციხეებში?
![a23424.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23424.jpg)
უფლებადამცველი თეა თუთბერიძე „პრესა.ჯი“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ ვისგან მიიღო ინფორმაცია პატიმარ გაგა მკურნალიძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. თეა თუთბერიძის განცხადებით, სამინისტრო ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ ციხეებში პატიმრებზე ვიზუალურ თვალთვალს არ ახორციელებს.
გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეა. ის ციხის კადრების გამო დააკავეს. მისი ახლობლების ინფორმაციით, პროკურატურის მხრიდან მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გამოძიებას სურს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისგან ჩვენება მიიღოს. მკურნალიძე, პროკურატურის მითითებებს არ ასრულებს.
„პრესა.ჯი“: იქნებ დეტალურად განმარტოთ ცდილობდა თუ არა გაგა მკურნალიძე თვითმკვლელობას?
თეა თუთბერიძე: ჩვენ ეს ინფორმაცია ქუჩიდან არ მიგვიღია. თვითმკვლელობის მცდელობის დეტალები კომპეტენტურმა პირმა მოგვაწოდა. თუმცა გასაგები მიზეზების გამო მის ვინაობას არ დავასახელებ. ინფორმაციის თანახმად, 5 დღის წინ ციხის ადმინისტრაციამ მკურნალიძის საკანში დამონტჟებული კამერის საშუალებით მონიტორზე მიიღო ინფორმაცია, რომ პატიმარი თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, რის შემდეგაც ადმინისტრაცია შევარდა საკანში და სუიციდის მცდელობა აღკვეთა.
- თქვენი აზრით, რამ მიიყვანა პატიმარი მკურნალიძე თვითმკვლელობის მცდელობამდე?
- ბუნებრივია თუ ადამიანი ჯანსაღი ფსიქიკისაა, თავის მოკვლას ასე მარტივად არ წყვეტს. ჩვენ გარკვეული ვარაუდები გვაქვს, არ გამოვრიცხავთ, რომ ბოლო დღეებში მის მიმართ იყო გარკვეული ზეწოლა.
მინდა ერთ გარემოებას მიაქციოთ ყურადღება, მკურნალიძის დააკავების შემდეგ მან ჩვენება 5 ჯერ მისცა. 2-ჯერ ადეიშვილის პროკურატურას, სამჯერ კი ახალი ხელისუფლების პირობებში. დავუშვათ რომ გაგა მკურნალიძე ადეიშვილის პროკურატურას არ ენდობოდა და არ მისცა მათ სწორი ჩვენება, მაგრამ არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უთქვამს პატიმარს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ რამე.
თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას ამის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. მათ შორის იყო საპროცესო შეთანხმების შეთავაზება. სამ ჩვენებაში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიღება მათ ვერ შეძლეს. თუმცა მეოთხედ დაკითხვამდე გაგას შეუცვალეს ადვოკატი, რის შემდეგაც პატიმარი ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. ხვდებით, ალბად, რასთან გვაქვს საქმე. როცა მეგობარს ადანაშაულებ იმაში რაც არ ყოფილა, ძალიან რთული გადასატანია ადამიანურად ეს.
არსებობს მეორე ვერსიაც - მან ვერ გაუძლო ზეწოლას და პროკურატურას სასურველი ჩვენება მისცა. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, ბაჩო ახალაიას საქმიდან, როგორ აიძულეს ადამიანები ცრუ ჩვენება მიეცათ მის წინააღმდეგ.
- როგორც ციხესთან შეკრებილებს სასჯელაღსრულების პრესცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, პატიმარმა ეს ფაქტი მასთან საუბრისას უარყო...
- მას შემდეგ, რაც ჩვენ მკურნალიძის შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, სუბარის უწყებას, ნაცვლად იმისა რომ გამოეგზავნა გენერალური ინსპექცია და დაეწყო გამოძიება, გამოაგზავნა პრესცენტრის ხელმძღვანელი.
სასჯელაღსრულების სამინისტრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ინფორმაცია გაავრცელა თეა თუთბერიძემ, ფაქტი კი 5 დღის მომხდარია. ისიც გაირკვა, რომ ამ 5 დღის განმავლობაში გენ-ინსპექციას საქმის მოკვლევაც კი არ დაუწყია.
წლების მანძილზე მიწევდა პატიმრებთან ურთიერთობა და ვიცი, რომ როდესაც პატიმარი ამბავს გიყვება შენ ეს აპრიორად არ უნდა ჩათვალო. ვთვლი რომ რადგან მკურნალაძემ ფაქტი პრესცენტრის ხელმძღვანელს არ დაუდასტურა, არ ნიშნავს რომ საქმე არ უნდა გამოიძიო.
ციხიდან გამოსულ კორძაიას მე პირადად შევთავაზე, რომ იმ პირობით თუ ის ჩვენი წყაროს შესახებ ინფორმაციას არ გაამხელდა მას შევახვედრებდით და თავის ყურით მოვასმენინებდით, როგორ აღმოაჩინეს ადმინისტრაციაში რომ პატიმარი თავის ჩამოხრჩობას აპირებდა. თუმცა ირაკლი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.
- თეა, აცხადებთ, რომ მკურნალიძის სუიციდის მცდელობა კამერებმა დააფიქსირეს, გამოდის, რომ ბოლო დროს გაკეთბული ხმაურიანი განცხადებები, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სათვალვალო კამერები ამოიღეს, ტყუილია?
- დაზუსტებული ინფორმაცია, მაქვს, რომ რიგ კამერებში სათვალთვალო კამერები დღესაც არსებობს. მათ შორის „მატროსოვის“ ციხეშიც. მინდა თქვენი გამოცემის საშუალებით ბატონ სოზარ სუბარს შევთავაზო წინადადება, თუ ამ ინფორმაციის გასვლის შემდეგაც იტყვის, რომ ციხეებში პატიმრების თვალთვალი არ ხდება, ავიღოთ ბაჩო ახალაის საკანი, ჩვენ ავიყვანთ ე.წ აიტიშნიკს, რომელსაც ციხესთან შეხება არ აქვს, შევიდეს საკანში და დაათვალიეროს და ნახოს - არის თუ არა იქ რეალურად კამერა.
თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი დაზუსტებული იონფორმაცია მცდარია დაახალაიას არ უთვალთვალებენ, მზად ვართ ოფიციალურად მოვიხადოთ ბოდიში. მაგრამ აქვე ვაცხადებ, რომ მასალის გასვლიდან რამოდენიმე საათში უნდა მოხდეს პასუხის გაცემა. თუ საკანში შევა ვინმე, ამასაც აუცილებლად გავიგებთ. თუ სოზარ სუბარი ჩვენ წინადადებას არ დათანხმდება, დაადასტურებს, რომ პატიმრებზე თვალთვალი გრძელდება.
- პატიმრებზე თვალთვალი ხომ წინა ხელისუფლების პერიოდშიც ხდებოდა?
- თქვენ ნებისმიერ ექსპერტს და ცივილიზებული ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს. ციხეს ვიზუალური კონტროლის გარეშე ვერ მართავ. როცა დღეს გამოდიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ თურმე პატიმრებს უთვალთვალებდნენ, გაიხსენონ პოლონელი ექსპერტის რეკომენდაციები, რომელიც ცალსახად აცხადებდა რომ თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ციხის გაკონტროლება სურდა, აუცილებელი იყო სათვალთვალო კამერების დაყენება.
ამოიღონ კადრები, ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება. ამის პრეზენტაცია ოფიციალურად გაკეთდა. როცა ბაჩო ახალაია იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, მან ჟურნალისტებს აჩვენა, როგორ ხედავდა ციხის თანამშრომელი პატიმრების ქმედებას მონიტორზე. ზღაპრები რომ ციხეებში თურმე აღარ ხდება თვალთვალი, მოუყვნენ სხვას. სასაცილოდ ჟღერს რომ პატიმრების ვიზუალური თვალთვალი აღიკვეთა“.
თეა თუთბერიძის შეთვაზების კომენტირება „პრესა.ჯი“-მ ირაკლი კორძაიას სთხოვა. ირაკლი კორძაია: მას შემდეგ რაც პენიტენციალურ სისტემაში დასრულდა ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიძის ეპექა, ვიზუალური უკანონო თვალთვალი და მიყურადება დამთავრდა.
პრესა.ჯი: თუთბერიძე აცხადებს, რომ გაგა მკურნალაძის სუიციდის მცდელობა ადმინისტრაციამ კამერების საშუალებით დააფიქსირა...
- მას შემდეგ რაც ამ სისტემის გაადამიანურება დაიწყო, მსგავსი რამ არ მომხდარა.
- თუთბერიძე აცხადებს, რომ მან თქვენ პირადად შემოგთავაზათ მის წყაროსთან შეხვედრა, რაზეც უარი განაცხადეთ...
- ამ შეთავაზებას ვერ ვიხსენებ.
0