11:40:14     07-02-2013
ახალგაზრდა იურისტები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებისა და ნეპოტიზმის შესახებ

ივანიშვილის მთავრობა რომ ნეპოტიზმით და პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა დაკავებული, ამაზე არაერთხელ ითქვა. მეტიც, ბოლო პრესკონფერენცაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად თქვა, რომ სპეციალისტების სანაცნობო წრიდან აყვანის წინააღმდეგი სულაც არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე მაშინ, როცა სამინისტროებიდან ასეულობით რიგით თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ივანიშვილმა განაცხადა: "რა ვქნათ ახლა, საქართველოში უყვართ მეგობრებისა და ახლობლების დანიშვნა".
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, აღნიშნული თემის იურიდულილი მხარით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების შესახებ საუბრობს.
ახალგაზრდა იურისტები ამბობენ, რომ ორსული ქალბატონი სამსახურიდან მეუღლის პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
რამოდენიმე დღის წინ კი ნელი საქუაშვილმა წერილობით მიმართა საიას გორის ოფისს და განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა.
„ზემოდან დამავალეს გამეთავისუფლებინე, რადგან შენი მეუღლე „ნაციონალებს“ უჭერდა მხარსო"- უთხრეს ქალბატონს ყოფილ სამსახურში.
საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე: „საჯარო სამსახურიდან პირი მხოლოდ იმ საფუძვლების გათვალისწინებით შეიძლება გათავისუფლდეს, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. ეს შეიძლება იყოს პირადი განცხადების საფუძველი ან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. ბუნებრივია პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება არ შეიძლება. ეს იკრძალება კანონით. სისხლის სამართლის კოდექსიც კი ითვალისწინებს სასჯელს ამისთვის. “
რაც შეეხება ნეპოტიზმის საკითხს, საიას წარმომადგენელი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი.
„თუმცა აღნიშნული კანონი ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე არ ვრცელდება. რაც შეეხება კონკურსში ახლობლების მონაწილეობის საკითხს, ეს კანონმდებლობით არ იკრძალება. უბრალოდ სასურველია რომ ვისაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი თავი შეიკავოს მონაწილეობისგან“,- აღნიშნა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო დებატებისას, მინისტრები ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მან კონკრეტული გვარ-სახელებიც დაასახელა, რომლებმაც სამსახურში საკუთარი ახლობლები მოაწყვეს.
მისი თქმით, ,,ლუკოილიმა, სადაც ქალბატონი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მეუღლე მაღალ თანამდებობას იკავებს ტენდერი მოიგო და ექსკლუზიურად ყველა სახელმწიფო უწყებას აწვდის საწვავს“.
ნადირაშვილის „ნეპოტიზმირებულთა“ სიაში მოხვდა შს მინისტრიც, რომელმაც დეპუტატის თქმით, სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა თავისი სიმამრის, ბატონი თამაზაშვილის დისშვილი.
ოპოზიციის ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძის შვილი ენერგეტიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად დაინიშა. ვიქტორ დოლიძს ძმა კი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილე გახდა. ნადირაშვილი შეეხო ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძის მიერ ნათესავებისთვის ოცნებების ახდენის საკითხსაც.
,,დიდი ზრუნვა გამოავლინა თავისი ნათესავების მიმართ ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ. უმაღლეს საბჭოში მუშაობს მისი მამიდაშვილი, ჯამბულ კურცხალია. მისი დეიდაშვილი სოფლის მუერნეობის მინისტრის მოადგილეა, ქვისლი სულიკო ქებაძე განათლების მინისტრის მოადგლე, დისშვილი კი აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დაასაქმეს“,- განაცხადა ნადირაშვილმა.
0