23:47:06     05-02-2013
ღარიბაშვილი ნარკოტიკების თემას "აპრავებს"

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „პოზიციაში“ ამტკიცებდა, რომ უცნობი ადამიანები სადარბაზოებთან უხმარ შპრიცებს ყრიან, რათა შექმნან ფონი, თითქოს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და ნარკოტიკი დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია.
„გვაქვს კონკრეტული ფაქტები. ეს ვიდეოზე გვაქვს გადაღებული და ვაწარმოებთ გამოძიებას, თუ როგორ ყრიან უხმარ შპრიცებს სადარბაზოების წინ...
დავაფიქსირეთ, რომ ვიღაც ადამიანები ყრიან უხმარ შპრიცებს, იმ ფონის შესაქმნელად რაზეც ჩვენი პოლიტიკური ოპოენტები საუბრობენ“, - ირწმუნება ღარიბაშვილი.
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, არჩევნების შემდეგ ნარკოტიკი ბევრად ხელმისაწვდომი გახდა და მისი ფასი შემცირდა.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა მერაბიშვილის ბრალდების საპასუხოდ სწორედ ასეთი უცნაური ზღაპარი მოგვიყვა და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებია, რომ „უცნობები სადარბაზოებთან შპრიცებს ყრიან“. შესაბამისად, შესაძლოა მალე ვიხილოთ ვიდეო-დადგმა თუ როგორ აწყობენ სადარბაზოების წინ შპრიცებს, რათა შს მინისტრის რეპუტაცია შელახონ... რა თქმა უნდა, ამ ვიდეო-დადგმას რამდენიმე დღის (კვირის, თვის) წინ გადაღებულად შეგვასაღებენ.
სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ივანიშვილის მაღალჩინოსნები ხალხს „საშინელებებით“ ზაფრავენ.
ადრე, მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალები ხალხს მიწაში მარხავდნენ და ზემოდან ასაქმებდნენ. ხოლო რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილის სისხლში აბანავეს. მიუხედავად ასეთი შემაშფოთებელი ინფორმაციისა, კბილაშვილმა ვერც კონკრეტული ფაქტი წარმოადგინა და ვერც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, თუ ვინმე მართლაც ყრის ქუჩაში შპრიცებს და ეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა გადაიღეს კიდეც, რატომ არ გამოაქვეყნეს? მაინც და მაინც ვანო მერაბიშვილს უნდა წამოეწია ნარკოტიკების თემა, ღარიბაშვილს ასე სახელდახელოდ რომ „გაეპრავებინა“ საკუთარი უსუსურობა?
და კიდევ: შს მინისტრი სულ უფრო მეტად ჰკარგავს ნდობას იმ უპასუხისმგებლო დაპირებებით, რომელსაც ვერ ასრულებს. მაგალითად: ღარიბაშვილმა, მინისტრად დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ სოფელ კოლაგში, ქვევრში დამხრჩვალი 10 თვის ჩვილის საქმეს ორ კვირაში გახსნიდა. თქვა, რომ ამაზე პირადად იღებდა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ დაპირებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა, ბარბარე რაფაიანცის საქმე დღემდე გაუხსნელია.
0