17:31:28     05-02-2013
ჩიტაძე: ივანიშვილსა და ალასანიას შორის, განხეთქილება იმაზე მძიეა, ვიდრე გარედან ჩანს

„პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბიძინა ივანიშვილის გამოთქმული მოსაზრებები დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შეფასებისას გააკეთა.
ნიკა ჩიტაძე: ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრემიერს უფლება არ ეძლევა აიძულოს დეპუტატები რომელიმე კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ან პირიქით - წინააღმდეგ მისცეს ხმა. ბუნებრივია, როდესაც პრემიერი საუბრობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე, მნიშვნელოვანია ქვეყანა დაუახლოვდეს ამ ინსტიტიტებს, იმ ღირებულებებით, რასაც დემკრატია და კოჰაბიტაციური რეჟიმი ჰქვია.
როდესაც თბილისის მერს მშიშარას უწოდებ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებას კი სისულელეს, ღიად აცხადებ, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრები,შენ კონსტრუქციული დიალოგი არ გსურს.
დღეს ვიხილეთ გაგრძელება იმ რიტორიკისა, რომელიც 2 თვის წინ გაჟღერდა ბატონი ივანიშვილისგან, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურასთან რიგები დადგებოდა. ასე დემოკრატიული სახელმწიფო ვერადროს აშენდება.
პრესა.ჯი: ალასანია-ივანიშვილის შიდა დაპირისპირებაზე რას იტყვით? პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ალასანია არ იქნება...
- ალასანიაზე დღეს გაკეთებული განცხადებები გაგრძელებაა იმ დაპირისპირებისა, რომელიც პრეზიდენტობის თემის განხილვისთანავე წარმოიშა პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის. ის რომ არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე ივანიშვილი აცხადებს, ალასანიამ პასუხი უნდა აგოს სამეგრელოში კოალიციის დამარცხების გამო, ბევრ რამეზე მიუთითებს. ეს ნიშნავს იმას რომ ივანიშვილსა და ალასანიას შორის, განხეთქილება იმაზე მძიეა, ვიდრე გარედან ჩანს.
ეს ნიშნავს იმას რომ „ქართულ ოცნებაში“ მიდის ზეწოლა ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანზე, რომელსაც ნამდვილად გააჩნია დამსახურება ქვეყნის წინაშე. მაგალითად, პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაცია, აფხაზეთის ომში მონაწილეობა, 2008 წელს გაეროს უშიშროების სხდომაზე გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებები...
- ივანიშვილი აცხადებს, რომ ბოლო 100 დღის განმავლობაში მთავრობამ იდეალურად იმუშავა. მან ჟურნალისტებს უთხრა რომ ისინი პრემიერს დაპირების შეუსრულებლობაში ვერ დაადანაშაულებენ...
- მიასასლმებელია ის ფაქტი რომ მთავრობა აპირებს რიგი სოციალური პროგრამების დაწყებას. კარგია შეღავათიანი კრედიტის გაცემის თემაც, თუმცა მეორე მხრივ ეჭვებს ბადებს - როგორ შეძლებს ივანიშვილი სოფლის მეურნეობაში ჩასადები მილიარდი ლარის მობილიზებას?
რაც შეეხება ფასების 70 % იან კლებას, საქართველოში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. უმნიშვნელოდ შემცირდა ბენზინის ფასი. ისიც საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასის კლების შედეგად.
ამასთან, უმნიშვნელო კლება ელექტროენერგიის საფასურზე - ეს ქვეყნისთვის ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება. მითუმეტეს მაშინ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ დეკემბერში 1,5 % შეადგინა. მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს ციფრი 8 % იყო. გარკვეული შეშფოთების საფუძველს ინვესტორთა შემოდინების შეწყვეტაც იძლევა.
- როგორია თქვენი შეფასება პრემიერის მიერ ბოლო დროს რუსეთთან დაახლოების სტრატეგიაზე? ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი შეცვალა...
- საგარეო ვექტორის შეცვლა სახარბიელო ნამდვილად ვერ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ თურმე რუსეთი არ ზღუდავდა ჩვენი პროდუქციის ექსპორტს, რაც ყველამ ვიცით რომ სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს განცხადება ნამდვილად იძლევა შეშფოთების მიზეზს. ერთი მხრივ ივანიშვილი აცხადებს, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა ურყევია, მაგრამ ეს განცხადება ახალმა ხელისუფლებამ საქმთ უნდა დაამტკიცოს.
0