11:38:15     05-02-2013
ორი საზარელი მკვლელობა ერთ ღამეში
![a23382.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23382.jpg)
საქართველოში სისხლიანი დეკადა დაიწყო. მარტო გუშინ ქვეყანაში 2 საზარელი მკვლელობა მოხდა. კახეთში მამამთილმა საკუთარი რძალი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი დაჭრა და თავი მოიკლა. შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მოხდა. 81 წლის შოთა ჯავახიშვილმა ლალი ზუბალოვი სანადირო თოფით მოკლა.
დაღუპულის ოჯახის ნათესავები მკვლელობის მოტივად რძალ-მამამთილს შორის წლების განმავლობაში არსებულ უთანხმოებას ასახელებენ.
დაჭრილი მანანა ფეიქრიშვილი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმ გიორგი გვილავას განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებას შინაგან საქმეთა საგარეჯოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
1979 წელს დაბადებული ირაკლი ლ. - მ კი ხაშურის ბაზართან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მოქალაქე სულიკო გრიგალაშვილი გამოასალმა სიცოცხლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამოდენიმე სათში თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებული 2013 წლის 4 თებერვალს ხაშურში მდებარე სავალუტო ჯიხურში მივიდა, მეპატრონეს, სულიკო გრიგალაშვილს სესხად 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ბოქლომი თავში ჩაარტყა, ფულადი თანხა წაიღო და მიიმალა. 1948 წელს დაბადებული სულიკო გრიგალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი სავალუტო ჯიხურთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეებს აუთოვებენ, არასრულწლოვანს თითს აჭრიან, პროფესორს საკუთარ სახლში გუდავენ, მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით ძარცვავენ ქუჩაში, ავტობუსებს აყაჩაღებენ და სხვა, ბატონი ღარიბაშვილი გვარწმუნებს, რომ მის მიერ რებრენდირებულმა პოლიციელებმა კრიმინალური ფაქტების შემცირება შეძლეს.
0