‘’ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ‘’ქართულ ოცნებას’’ აქციებს უწყობენ ‘’ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ‘’ქართულ ოცნებას’’ აქციებს უწყობენ /> "/> " />


  15:19:16     02-02-2013

‘’ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ‘’ქართულ ოცნებას’’ აქციებს უწყობენ

a23363.jpg

დავით საგანელიძის განცხადების შემდეგ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.

"თავისუფალი დემოკრატების" ის წევრები, რომლებსაც საგანელიძე პარტიაში ჩანერგილებს და აგენტებს უწოდებს, მისგან პასუხს ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით დღეს აქცია რუსთავსა და აბაშაში აქცია გაიმართა.

ალასანიას პარტიის წევრი ხონის რაიონული ორგანიზაციიდან ნიკა სანოძე თვლის, რომ საგანელიძის განცხადებებები უპასუხიმგებლოა და მასზე დეპუტატმა პასუხი უნდა აგოს.  

"თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ნინუა კი საგანელიძეს გველს უწოდებს.

„ის, რაც ილაპარაკა საგანელიძემ მტკნარი სიცრუეა. საგანელიძე იმ გველივით იქნევს კუდს, რომელსაც თავს უჭეჭყავ და მაინც არ კვდება.  ის ქვეყნის გამყიდველი და ერის მოღალატეა. ფულში ცვლის ქვეყანას“,- აცხადებს ნინუა.

„უცებ ნასეტკები გავხვდით, ეს არის მისი თავხედობა, ხონი დაუსვამს ამ ყველაფერს წერტილს“,- ისმოდა მოწოდება აქციაზე.

რაც შეეხება რუსთავს, აქ საგანელიძის განცხადებების გასაპროტესტებლად "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერების ერთი ნაწილი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ  ცილისწამებისთვის საგანელიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანონ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დაარსების დღიდან "ქართული ოცნების" აქტიური წევრები არიან. მათი თქმით, საგანელიძის მოთხოვნის შემდეგ  7 წევრი ორგანიზაციიდან გარიცხეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დავით საგანელიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, გეგმავენ პარტიის ცენტრალურ ოფისში მისვლას.

აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებები მათი მისამართით უსაფუძვლოა და დავით საგანელიძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

ჟურნალისტებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც სთხოვეს, თუმცა პრემიერი კითხვამ გააღიზიანა და ‘’ტრადიციულად არასასურველი კითხვის დასმისთვის’’ ჟურნალისტები დატუქსა.

ბიძინა ივანიშვილი: ახლა კოალიციის დაშლის თემას აღრმავებთ, ახლა ეს დაგავალეს? ამ თემაზე განმარტებები ხომ მოგეცით? მიაქციეთ კითხვებს ყურადღება, ‘’რუსთავი 2-მა’’ ააგორა ეს თემა. გთხოვთ ჟურნალისტებს რეალობა კარგად შეაფასეთ. თქვენ იმ აგიტაციაში ზიხართ, რასაც გიგეგმავენ. თქვენ გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ. ‘’რუსთავი 2’’-ს  უჭირავს აგიტაცია რომ ვიშლებით. არაფერი ხდება, ჯანსაღი სიტუაცია მიმდინარეობს.

პრემიერმა მიმდინარე პროცესები საგანელიძის მსგავსად ოპოზიციას, კერძოდ ‘’ნაციონალურ მოძრაობას’’ გადააბრალა.  
0

ავტორი: