15:38:32     01-02-2013
ივანიშვილმა ალასანია შუშის სასახლეში დაიბარა

ივანიშვილი საკუთარ გუნში წმენდას ახორციელებს, "ქართული ოცნების" წევრ დავით საგანელიძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "დემოკრატების" მისამართით, დღეს პრემიერმა შეარბილა.
"მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია "ნაციონალური მოძრაობიდან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა
და დასძინა, რომ
არ ფიქრობს ამაში რაიმე დანაშაული "თავისუფალ დემოკრატებს" მიუძღოდეთ...
"მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა 20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერი.
გასაკვირი არის ის, რომ არც ერთი მათგანი "ქართული ოცნების" წევრი არ იყო. მათგან სამი იყო "თავისუფალი დემოკრატებიდან". საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ "თავისუფალი დემოკრატების" დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს აღნიშნულ საკითხზე ალასანიას უნდა შეხვდეს. გუშინ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ "თავისუფალ დემოკრატებს" მედიის საშუალებით მოუწოდა რაიონული ორგანიზაციებიდან საკუთარი პარტიის წევრები გაერიცხათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "სხვა დასკვნებს გააკეთებდა".
მოკლედ საგანელიძემ ალასანიას ყვითელი ბარათი უკვე აჩვენა, დანარჩენი დღეს, მთავარი არბიტრის სასახლეში გაირკვევა. საგანელიძე არ მოერიდა ღიად განეცხადებინა, რომ აქციის მონაწილეებს აკვირდებიან, ფოტოებს უღებენ და მათზე ინფორმაციას ამუშავებენ.
დავით საგანელიძე: ჩვენ ამოვიღეთ სურათები და ვნახეთ, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ. შესაძლოა ეს ხალხი თავად "თავისუფალ დემოკრატებშიც" ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს!
0