17:21:56     31-01-2013
ივანიშვილით მოხიბლული რუსი ჟურნალისტი რუსეთისა და საქართველოს პრემიერის მსგავსებაზე

რუსი ჟურნალისტი, ანა ნემცოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში სტუმრობდა, საქართველოს პრემიერ-მინიტრს „The Daily Beast“-ში ვრცელ სტატიას უძღვნის.
„Newsweek“-ისა და „The Daily Beast“-ის მოსკოველი კორესპონდენტი, ივანიშვილის ქველმოქმედებითა და გამბედაობით აშკარად მოხიბლულია. სათაურიც შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე აქვს შერჩეული მის სტატიას - ‘’გაბედული შრომისმოყვარე, ქართველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი’’.
‘’2008 წლის ომის შემდეგ თანამდებობის უმაღლესი პირი საქართველოდან პირველად დაელაპარაკა თავის მტერს: რუსეთს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხუთშაბათს, დავოსში, მიღებაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს მიუახლოვდა. მათ სულ რამდენიმე წუთს ილაპარაკეს, თუმცა რაზე, არავინ იცის. ექსპერტებმა იმავე წამში გამოთქვეს ვარაუდები, რომ საქართველო რუსეთის ბანაკისკენ მიმავალ გზას დაადგა. „არავითარ შემთხვევაში“, განაცხდა მოგვიანებით ივანიშვილმა, „მე ყოველთვის საქართველოს ბანაკში ვიქნები“.
დიდი ხნის განმავლობაში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ივანიშვილი, რომლის ქონება 6 მილიარდს უდრის, ანუ მისი ქვეყნის ბიუჯეტზე დიდია, არავის მხარეს არ არის, გარდა საკუთარი თავისა. საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე გავლენიანი კაცი ამასწინათ თავის ექსტრავაგანტურ, შუშის ციხე-სიმაგრეში „დეილი ბისთს“ საკუთარ პრიორიტეტებზე ელაპარაკა. მას უნდა, რომ „გახსნას წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ყველა დახლართული პოლიტიკური კვანძი“. საქართველოს ახალი ლიდერი იმითაა ცნობილი, რომ კარჩაკეტილად ცხოვრობდა, აკეთებდა არაპროგნოზირებად განცხადებებს და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა; ის უფასოდ ურიგებდა მანქანებს თავის თანასოფლელ მამაკაცებს და ათწლეულის მანძილზე ყოველწლიურად გასცემდა 100 მილიონ დოლარზე მეტს ქველმოქმედებისთვის – თითქოს ერთი კაცისგან შემდგარი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ყოფილიყოს. მთელი ცხოვრება, აღიარებს ივანიშვილი, „მას ძალიან არ უყვარდა პოლიტიკა“. როდესაც ერთი წლის წინ საფრანგეთში გადასასვლელად ემზადებოდა, სწორედ მისმა ცოლმა და უფროსმა ვაჟმა დაარწმუნეს საქართველოში დარჩენილიყო. ამის შემდეგ, ცოტა ხანში, მან გამოაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ პარტიას, სახელად „ქართული ოცნება“. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი აცხადებს, რომ მოსწონს მილიარდერი, ხოლო 55-მა პროცენტმა მის პარტიას მისცა ხმა იმ დროს, როდესაც საქართველო მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადადის და ქვეყნის მმართველი პრემიერ-მინისტრი გახდება.
„მე მხოლოდ იმიტომ არ წავედი ქვეყნიდან, რომ ვერ დავუშვებდი იმ კაცს ემართა ეს ქვეყანა, რომელსაც ის არ უყვარდა“, ამბობს ივანიშვილი სააკაშვილზე, რომელსაც ღიად უწოდებს „ნიჭიერ მატყუარას“, რადგან მან, სააკაშვილმა გააფუჭა ურთიერთობები რუსეთთან, ერთ დროს საქართველოს ნაწარმის ყველაზე დიდ იმპორტიორთან. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროპის კავშირში ინტეგრირება (რაც დღეს უფრო თეორიული შესაძლებლობაა) მისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და ასევეა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება.’’ - წერს ნემცოვა. სტატიაში, რომელიც ივანიშვილის ქება-დიდებითაა გამსჭვალული და მისი ქართული თარგმანის ნახვა Foreighnpress-ზე შეგიძლიათ, ჟურნალისტი ქართველ-პრემიერს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ადარებს:
‘’ივანიშვილის დღე დილის 5 საათზე იოგას სისტემის ვარჯიშით იწყება, რაც ძალიან ადრეა ქართველებისთვის, რომელთაც გვიანობამდე უყვართ ძილი. რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მსგავსად (რომელიც ამასწინათ მოწევის საწინააღმდეგო მკაცრი კანონმდებლობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა), ივანიშვილიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ფანატია, ანტინიკოტინური და ანტინარკოტიკული პოზიციის ერთგულია. მილიარდერი ქვეყანას თავისი შუშის სასახლიდან მართავს, ეს სახლი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა; სახლის დეკორირებაზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, აქ ლუსიენ ფროიდის ნამუშევრებსაც ნახავთ და როი ლიხტენშტეინისაც. ნაგებობათა ეს კერძო კომპლექსი თბილისის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს და სპორტის მოყვარული პრემიერ-მინისტრი აქ დიდხანს სეირნობს ხოლმე.’’
0