11:04:36     31-01-2013
გიგი უგულავა: მძღოლების გვერდით მდგომთ პოლიტიკური ინტერესები აქვთ

იმისთვის, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი არ შეიქმნას, გიგი უგულავა ოპონენტებს მოუწოდებს ბრძოლა სხვა მეთოდებით აწარმოონ.
ეს განცხადება ქალაქ თბილისის მერმა გაფიცულ მძღოლებსა და მმართველ კომპანიას შორის მიღწეული გარკვეული შეთანხმების კომენტირებისას გააკეთა.
უგულავა ეჭვობს, რომ პროცესი მალე შეიძლება სხვადასხვა საქალაქო სამსახურის მუშაობის ხელის შეშლაშიც გადაიზარდოს.
გიგი უგულავა: მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, დავანებოთ თავი ამ საკითხის პოლიტიზირებას, რადგან ამით თბილისელები ზარალდებიან. იმისთვის, რომ დედაქალაქში არ შეიქმნას სატრანსპორტო კოლაფსი, მოვუწოდებ ყველას, ბრძოლა სხვა მეთოდებით გააგრძელონ. დროა დავეხმაროთ დედაქალაქში მცხოვრებლებს, არ შევუქმნათ მათ პრობლემები. ამასთან მინდა მძღოლებს ვთხოვო, ნუ აყვებიან ნურავის. მათ გვერდით მყოფთ პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
უგულავამ მზადყოფნა გამოთქვა მძღოლებსა და დამქირავებელ კომპანიას შორის შუამავლის როლი მერიამ შეასრულოს.
სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებსა და მძღოლთა საინიციატივო საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
პრობლემატურ საკითხად კვლავ დღიური გეგმის მაღალი გადასახადი რჩება.
მძღოლთა საინიციატივო საბჭოს კიდევ ერთხელ ეთხოვა კომპრომისული ვარიანტის წარდგენა იმისთვის, რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის.
თბილისის მერიასთან მიმდინარე მძღოლების აქციას კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანიც შეუერთდა.
დეპუტატმა მძღოლებს კომპრომისული ვარიანტის შერჩევის რეკომენდაციით მიმართა.
მძღოლების გაფიცვამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. გადატვირთული რეჟიმით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
0