18:51:56     30-01-2013
პრეზიდენტი: სანამ ქუთაისის მაჟორიტარს სძინავს, საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს ქუთაისის ბედი წყდება. მიხეილ სააკაშვილმა სადემონსტრაციოდ პარლამენტის სხდომაზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ფოტო წარმოადგინა.
მიხეილ სააკაშვილი: ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მინდა გითხრათ, რომ სანამ პარლამენტში ქუთაისელების მიერ არჩეულ მაჟორიტარს სძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს პარლამენტი არ წაართვან.
ქვეყნის პირველი პირი საპატიმროებიდან ე.წ კანონიერი ქურდების გამოშვების ფაქტსაც შეეხო. მისი თქმით, აღმაშფოთებელი იყო ის რეაქცია, რაც უმრავლესობას ჰქონდა ამ ადამიანების გამოშვებისას.
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უკან ვახვევთ ჩვენ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში. ასე იქცევა დღეს ხელისუფლება, რომელიც ქურდების გამოშვებას ამნისტიას აბრალებს. მაშინაც ეს იყო მთავარი პრობლემა - პასუხისმგებლობის არქონა. ამნისტია იმ სახელებმა და გვარებმა შემოიტანეს, რომლებმაც 90-იან წლებში მხედრიონის მითითებით გამოუშვეს ციხიდან ბანდიტები. მე მახსოვს ამის შედეგი - გაუბედურებული თბილისი, გაუბედურებული ქუთაისი, გადამწვარი ქალაქები, სამოქალაქო ომი. ერთი რამ ცხადია - ორგანიზებული ჯგუფი, კანონიერი ქურდები არღვევენ ჩვენ საზოგადოებრივ ფაბრიკას. ეს ხალხი შევა ჩვენ ეზოებში, სადაც ჩვენი ბავშვები იზრდებიან, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს სიტყვა ქურდი.
პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის მიერ ჩადენილ დანაშაულსაც შეეხო და აღნიშნა: ხელისუფლებაში თვლიან, რომ პაწაწუნა გრეჩიხუნას პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, რომელმაც კამერების წინ ყელი გამოჭრა ვიღაცას, თუმცა ის გუბერნატორი, რომელმაც სტიქიიდან 6 კვირაში კახეთი აღადგინა პასუხისმგებაში უნდა მივცეთ. ეს იმიტომ, რომ ღვინიაშვილი დააშინონ. უმრავლესობას ხმები არ ყოფნის და ხომ უნდა ააწევინონ მას ხელი. პრემიერს ხომ ვერ ეტყვიან საკონსტიტუციო უმრავლესობას არ ვფლობთო.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება განუკითხაობისა და უპასუხისმგებლობის სინდრომს თესავს. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისი შემკვრელი უნდა ყოფილიყო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების, რაც ხორციელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით, პარლამენტის ისევ დედაქალაქში გადმოტანით ხელისუფლებამ მასსა და მის გუნდს ორივე ფეხი მოსტეხა.
0