17:39:40     30-01-2013
კალაძე: მე უნდა ვიყო პრეზიდენტი

ინტერნეტ პორტალი people.ge სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ივანიშვილმა, შესაძლოა, ალასანიას შემდეგ კალაძე გაწკეპლოს. საქმე ისაა, რომ ორი ავტოგოლის ავტორი, პრეზიდენტობაზე პრემიერ მინისტრისგან მალულად ოცნებობს... რამდენიმე კვირის წინ, კალაძემ ეს სურვილი საკუთარ გარემოცვასაც გაანდო და აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილს „კარგად დაულაგებენ“, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის კანდიდატი იქნება.
„მე უნდა ვიყო პრეზიდენტი“, - ასე ტრაბახობდა ენერგეტიკის მინისტრი, სამტრედიელ მეგობრებთან. შესაბამისად, მისი გარემოცვა, უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ ენერგეტიკის სამინისტროდან კალაძე მალე პრეზიდენტის სასახლეში გადაბარგდება.
სამტრედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ „კარლოს ბიჭი“ მომავალი პრეზიდენტია. მეტიც, 17 იანვარს, სამტრედიის ერთ-ერთ რესტორანში, კალაძის, როგორც „ჩვენი მომავალი პრეზიდენტის“ სადღეგრძელო დაილია.
იქვე, კალაძის მეგობრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს ივანიშვილის მიერ ალასანიას „დაჩმორების“ გამოც. თუმცა, გამოთქვეს ვარაუდი, რომ „კალაძის კანდიდატურა ბიძინას ძალიან ფრთხილად უნდა მიაწოდონ“. „ეს ცოტა ისეთი კაცია და შეიძლება დაგვსაჯოს“, - ასეთი იყო კალაძის სამტრედიელი მეგობრების კომპეტენტური დასკვნა.
კალაძე „ჩერეზ“ ბერა...
კალაძის გათვლებით, მან, საკუთარი კანდიდატურა ივანიშვილს „ჩერეზ“ ბერა უნდა მიაწოდოს. ბერა და კახი ნათელ-მირონები არიან (ბერა კალაძის შვილის ნათლიაა). შესაბამისად, როგორც ენერგეტიკის მინისტრი გარემოცვასთან აცხადებდა, „ბერა ბიძინას დააჯერებს, რომ მე უნდა ვიყო პრეზიდენტი“.
„პრესა.ჯი“-მ აღნიშნული საკითხის გარკვება პირადად მინისტრთანაც სცადა. კითხვას - იცის თუ არა, ივანიშვილმა კალაძის საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, პასუხი კალაძის პრესსამსახურმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა გასცა.
„კახა კალაძემ ამ თემაზე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მას ამ საკითხზე მთავრობაში არაფერი გაუგია“,- განაცხადა კალაძის პრესსამსახურმა. გაფრინდაშვილმა არ ისურვა ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ მსჯელობენ ივანიშვილისგან ფარულად, საპრეზიდენტო არჩევნებში ენერგეტიკოს-ფეხბურთელის კანდიდატურის წამოყენებაზე.
ენერგეტიკის მინისტრის საპრეზიდენტო ინტერესებზე არაფერი იცის კალაძის მეუღლემ, მოდელმა ანუკა არეშიძემაც. ანუკა არეშიძე: „ეს ინფორმაცია პირველად, მესმის. თქვენგან გავიგე. ამ თემაზე კახას სახლში არაფერი უთქვამს“, - გვითხრა მან. ვიმედოვნებთ, რომ ბატონი კალაძე თავის მომავალ გეგმებს მეუღლესაც მალე გაანდობს.