17:03:47     29-01-2013
პრეზიდენტის განცხადებით მთავრობა ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების შეჩერებაზე მსჯელობს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო აკადემიის კურსანტებსა და ლექტორებს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ოთხი წლის წინ, რუსული შენაერთების მიერ განადგურებული შენობის აღდგენა საქართველოს აღდგენას შეადარა. საუბარი შეეხო ავღანეთის სამშვიდობო მისიასაც. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ოფიცრებსა თუ ჯარისკაცებს ამ ოპერაციამ სხვა მუხტი შემატა.
მიხეილ სააკაშვილი: ახალ წელს გენშტაბის უფროსთან ერთად, ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან შევხვდი, სწორედ მაშინ, თალიბებმა ცეცხლი გახსნეს, გაკვირვებული დავრჩი ქართველების პროფესონალიზმით, არ მეგონა ასე ოპერატიულად თუ შეეძლოთ მათ ამ შეტევის მოგერიება. ისინი ისე ოსტატურად იყენებდნენ ამერიკულ ტექნიკას, რომ გამიკვირდა. მე ასეთ ქართველებს შეჩვეული არ ვიყავი. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ავღანეთში მივხვდი, რომ ჯარს არამარტო ჩვენ ვაყალიბებთ როგორც ერს, არამედ შეიარაღებული ძალები აყალიბებენ ჩვენ ერს.
საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კურსანტებს ე.წ „რაგატკა“ აჩვენა და დასძინა, რომ ეს ნივთი მას 2004 წელს ქართველმა ოფიცრებმა თავდაცვის სამინისტროს მონახულების დროს მისცეს.
„ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვილობა 2004 წელს. დღეს ჩვენ საჰაერო და სახმელეთო დაცვის სისტემები გვაქვს. გვაქვს შეიარაღებული ჯავშანტექნიკა და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმება გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ჩვენი საჯარისო შენაერთები უნდა აღიჭურვოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო იარაღით მომავალი ათწლეულების მანძილზე. ამ შეთანხმებას გასული წლის იანვარში მე მივაღწიე პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავრობაში, მთავარია ჯარზე ზრუნვა გაგრძელდეს.
„შევარდნაძის პერიოდშიც იყო რამდენიმე სერიოზული პროექტი, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ფული და ჯარი იყო მშიერი. ჩვენ ჩავაცვით ჯარს, შევიძინეთ პირველი ტექნიკა, ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, ახლა მხოლოდ ჯარისკაცების ხელფასები კი არ უნდა გაიზარდოს, ვეტერანებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა მივცეთ მათ მეტი ხელფასი. სამხედრო პენსიონერებსა და დაღუპული სამხედროების ოჯახსაც უნდა მივცეთ კუთვნილი ანაზღაურება, კარგია რომ ახალი მთავრობა ამაზე მუშაობს. საქართველო ერთი ‘’რაგატკის’’ ამარა არასდროს უნდა დარჩეს“ - დასძინა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.
მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო ტექნიკის საწარმო „დელტაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროში დიდი დისკუსია მიდის გააგრძელოს თუ არა „დელტამ“ მუშაობა.
მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და მთავრობას, რომ დიდი შეცდომა იქნება საქართველოს სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე უარი თქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აშშ-სთან შეთანხმება გვაქვს. 2008 წელს შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ საქართველო სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარეშე დარჩა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საარჩევნო დაპირებებიდან, მაშინ ისმოდა რიტორიკა, რომ ეს ტექნიკა ბლეფი იყო, მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით რა ხარიხის ტექნიკასაც ვქმნიდით? დღეს „ლაზიკები“, „დიდგორები“ მართლა დადის, უფრო მეტიც, სამხრეთ კორეიდან აღნიშნულ ჯავშანტექნიკაზე შეკვეთებიც კი გვაქვს. შეკვეთები გვაქვს აზერბაიჯანიდანაც. ეს ის ტექნიკაა, რომელზეც არამხოლოდ ჩვენ უნდა დავხარჯოთ ფული, ეს არის ტექნიკა, რომელიც მოიტანს ფულს. „დელტა“ არის მაღალი დონის საწარმო, ნებისმიერ მთავრობის წევრს შეუძლია მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს.
გარადა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალი მთავრობა ფრანგულ ვერტმფრენებზეც უარს აცხადებს.
„არ შეიძლება წინა წლების კონტრაქტებზე უარის თქმა. მაგალითად, პრეზიდენტ სარკოზის უშუალო ჩარევით ჩვენ ვიყიდეთ რამდენიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი და ახლა გავიგე, რომ საქართველოს მთავრობას ვერტმფრენებზე უარის თქმა სურს. ეს არის გრძელვადიანი კრედიტი და საქართველოს ბიუჯეტს ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ უჯდება. თუ ჩვენისთანა მაღალმთიანი ქვეყანა ვერტმფრენებზე უარს ამბობს, რით უნდა გადავაადგილდეთ? ისევ ძველი რუსული ვერტმფრენებით?! ე.ი. ისევ რუსეთზე უნდა ვიყოთ სამათხოვროდ დამოკიდებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მთავრობასაც მიმართა, თუ საკუთარი ვერტმფრენი არ სურს, ისიც სამაშველო ვერტმფრენად გადააკეთოს.
„ჩვენს მთავრობას ვერტმფრენი სჭირდებოდა, რადგან ჩვენ დავფრინავდით. დღევანდელ მთავრობას არ სჭირდება აქეთ-იქით სიარული, შეიძლება სხვანაირად აკეთებს საქმეს, ამაში არ ვერევი, მაგრამ ამ ტექნიკაზე უარის თქმა არ შეიძლება. ადვილი და პოპულისტურია თქმა - რად გვინდა ვერტმფრენი, ვერტმფრენი ვჭამოთ?! ასფალტი ვჭამოთ?! ცალ-ცალკე არაფერი არ იჭმევა. საბოლოოდ ეს ყველაფერი წარმოადგენს სამხედრო, სამოქალაქო და ჩვენი სახელმწიფოს განვითარების კომპონენტებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მისი მმართველობის პერიოდში სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვა პრესტიჟული გახდა.
პრეზიდენტის განცხადებით შვილების ჯარში გაშვება პრესტიჟული უნდა იყოს. მან წვევამდელებს უსურვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მალე გამოჩენა. სააკაშვილის თქმით მომავალ მთავრობაში და პარლამენტში ოფიცრები უნდა იყვნენ.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო სამსახურში გაწვევის დღევანდელ სისტემას უსამართლოდ მიიჩნევს და თავდაცვის მინისტრს მისი ცვლილების აუცილებლობაში ეთანხმება.
მისი თქმით, ყველა წვევამდელს შეარაღებულ ძალებთან შეხება უნდა ქონდეს. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს იარაღის დაჭერა.
მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რეზერვისტების სისტემა ვერ გამოვიყენეთ, რადგან საკმარისი ოფიცრები არ გვყავდა. ყველა რეზერვისტს მეთაური სჭირდება. როდესაც ოფიცრები გვეყოლება, რეზერვის სისტემას აზრი და დანიშნულება ექნება. მერე სხვაგვარად შეიძლება კადრირებული ბრიგადების შექმნა. დღევანდელი გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ძალებთან. ეს დიდი შეცდომა იქნება.
0