12:49:49     29-01-2013
რა ინფორმაცია მიაწოდეს ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ოჯახის წევრებმა შსს-ს?
![a23262.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23262.jpg)
სოფელ კოლაგში, ქვევრში ნაპოვნი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოსაძიებლად და მკვლელების გამოსავლენად ვადას 10 თებერვლამდე აძლევს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდა აცხადებს, რომ ოჯახს ეჭვი ორ ახალგაზრდაზე აქვს, რომლებიც წინასაარჩევნოდ პრობაციონერები იყვნენ და არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვეს. ოჯახს ეჭვი არ ეპარება, რომ 10 თვის ბარბარე არჩევნებს შეეწირა.
რაფალიანცები გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებენ.
„უკვე სამი თვეა იძიებენ და ვერ გამოიძიეს. ამბობენ, კვალი წაშლილია, ბევრი რამ გაფუჭებულია, დიდი დრო სჭირდებაო. 10 თებერვლამდე ველოდებით შს სამინისტროს. თუ არ გამოიძიეს სხვა გზებს მივმართავთ“, – აცხადებს გარდაცვლილის დეიდა დალი მექერიშვილი.
მისივე თქმით, ამ დრომდე დაუდგენელია გოგონას ძებნის დროს ვინ აღმოაჩინა იგი ქვევრში.
„რაც შეეხება იმას, ვინ დაიძახა პირველად, რომ ბავშვი ქვევრში იყო, ეს საკითხი გაურკვეველია. ეს რომ გაირკვეს, კიდევ ბევრი რამე გაირკვევა“,– ამბობს გარდაცვლილი ბარბარეს ახლო ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე, მისი წინამორბედის მსგავსად, პირად კონტროლზე ყავს აყვანილი ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. რომელმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 22 იანვარს დამატებითი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ახალი დეტალები გამოიკვეთა.
მინისტრის თქმით, ორი თვის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ გამოძიების ახალი დეტალები სამ კვირაში გახდებოდა ცნობილი, ნაჩქარევი იყო.
„მე ვთქვი, რომ სამ კვირაში, ჩემი ინფორმაციით, მექნებოდა რეალური სურათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ალბათ ნაჩქარევი იყო ის განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შს მინისტრი: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ამ ინციდენტიდან, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება. ცხელ კვალზე არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შეიყვანა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და გამოკვეთილი არის სერიოზული ახალი გარემოებები. ამიტომ მე ჯერ კიდევ თავს შევიკავებ და ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ.
პატარას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, შემდეგ კი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, შესაბამისად, იგი ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს. 0