მიზეზი, რომლის გამოც ალასანია გადადგება მიზეზი, რომლის გამოც ალასანია გადადგება />


  01:39:48     28-01-2013

მიზეზი, რომლის გამოც ალასანია გადადგება

a23239.jpg

ივანიშვილის მიერ დასჯილი ალასანია არჩევანის ზღვარზეა. მისი უახლოესი გარემოცვა პრემიერის მიერ ყურაწეულ თავდაცვის მინისტრს დამოუკიდებელი პოლიტიკური თმაშის დაწყებას ურჩევს. 

მართალია, ალასანიას, პირადმა „აღმოჩენამ“, თეა წულუკიანმაც კი ზურგი აქცია, თუმცა მას ჯერ კიდევ შემორჩა ირგვლივ ისეთი მეგობრები, რომლებიც მზად არიან კოალიცია დატოვონ.

თუმცა, ამ ეტაპზე, ალასანია ივანიშვილთან ბოლომდე გაყრას ვერ ბედავს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი გამოზამთრებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აგორებას ელოდება, რათა „საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს“.

როგორც ჩანს, ეს ივანიშვილმაც იცის და ამიტომაც, შს სამინისტრომ უკვე დაიწყო ალასანიასა და მისი გარემოცვის მასობრივი კონტროლი. სხვათაშორის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, თავისი პოლიტ-პარტნიორებიც გააფრთხილა და მათ „ასი თვალისა და ასი ყურის გამობმა“ ურჩია.

მეტიც: ალასანიაზე სპეციალური „დაკვირვების“ შესახებ შს სამინისტროშიც ალაპარაკდნენ. ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური გეგმების საიდუმლოდ შესწავლის თაობაზე  საგანგებო თათბირი ჩაატარა.

ალასანია და ოჯახი

ალასანიას მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას ეწინააღმდეგება მისი ცოლისდა, მაია ფანჯიკიძე. პრინციპში, ფანჯიკიძის პოზიცია გასაგებიცაა. ქალი არჩევნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ქმარიც სარფიანად დაასაქმა, რამდენიმე დაქალიც „შეტენა“ სახელმწიფო სტრუქტურაში და ახლა, როგორც ჩანს, არ სურს დაკარგოს ის, რაც არც ეკუთვნოდა, მაგრამ ბედის ირონიისა თუ ივანიშვილის სულელური საკადრო პოლიტიკის გამო, მაინც მიიღო.

ივანიშვილის ალიყურის შემდეგ, ალასანიას ურთიერთობა გაუცივდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთანაც. წულუკიანი პოლიტიკაში მისი წყალობით მოხვდა, თუმცა, როგორც ფანჯიკიძეს, ისე მასაც ეძნელება თბილი სავარძლისა და ქარის მოტანილი გავლენის დათმობა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლის პატივმოყვარე შვილი დღეს ხომ „სამართლიანობის აღდგენის“ მთავარი სიმბოლოა.

სკამებზე გადარეულ წულუკიან-ფანჯიკიძისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ისევ ალასანიას გუნდში მოიაზრებიან აბაშიძე-პეტრიაშვილი და რამდენიმე წვრილი ბიუროკრატი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ივანიშვილმა ისინი ისევე ჩაისვას ჯიბეში, როგორც იუსტიციის პატივმოყვარე მინისტრი...

„მე რა ვქნა, მე“...

გახსოვთ ეს ფრაზა და კიდევ თავდაცვის მინისტრის ეგზოტიკური გამონათქვამი ბატონი პრემიერის მისამართით? მართლაც, რა უნდა ქნას ალასანიამ?

პოლიტიკური მეგობრები ღალატობენ, ივანიშვილმა გაწკეპლა, ჯარი მის მხარეს არაა და ვერც აკონტროლებს, ღარიბაშვილის „სპეცები“ მუდმივად უსმენ-უთვალთვალებენ და მხოლოდ „გენიოსა“ ავალიანის ამარა ჩვენი მტერი იყოს...

თანაც: მისი მინისტრობის პერიოდში რამდენიმე ისეთი ფინანსური ოპერაცია განხორციელდა, რომ თუ „ჭორვილელმა“ ბრძანა, ერთ დროს „ფრთიანი ანგელოზი“ ალასანია „კორუმპირებულადაც შეიმოსება“.

სხვას კი არაფერს აკეთებს მოფილოსოფოს-მოპროკურორო კბილაშვილი - სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლი ის ბლაგვი ისარია, რომლითაც ბატონი არჩილი ნებისმიერ ჩინოვნიკს „დაჭრის“...

თუმცა, ალასანიას მაინც აქვს შანსი, რომელსაც სავარაუდოდ, მალე გამოიყენებს. ივანიშვილის მიერ საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის აშკარა სურვილი - ამ მოტივით ხელისუფლების დატოვება მას ისევ შეუნარჩუნებს პოლიტიკურ კაპიტალს.

მართალია, ირაკლი ალასანიას პროდასავლურობაში ბევრს ეჭვიც ეპარება, რადგან რუსეთუმე უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მოადგილე იყო, ლავროვს კონფიდენციალურად ხვდებოდა და ჩურკინთან (გაეროში რუსეთის ელჩი) საეჭვოდ მეგობრობდა, მაგრამ ნეტარ არიან მორწმუნენი...

0

ავტორი: