18:05:28     25-01-2013
ზაალ სამადაშვილი: ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეტევა ეს არის შეტევა დემოკრატიაზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ხელისუფლებას საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მუშაობაში ხელს უშლის.
ზაალ სამადაშვილი: ბოლო პერიოდია ზეწოლის ქვეშ მოექცა ჩვენი ფრაქცია, რითაც ხელი გვეშლება საკრებულოს მუშაობაში. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან თბილისის საკრებულოზე შეტევამ აღვირახსნილი სახე მიიღო. ამიტომ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს. რაც თბილისის საკრებულოს მიმართ ხდება, ყოველგვარ ცივილიზებულ ფორმებსა და საზღვარს გადასცდა. თვეების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობებზე ხორციელდება შეტევა და ეს შეეხო თბილისის საკრებულოსაც.
ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან თბილისის საკრებულოზე შეტევამ აღვირახსნილი სახე მიიღო. როგორც წინა, ასევე დღევანდელი სხდომის წინაც საკრებულოს წევრებს დაკითხვებზე ჯგუფ-ჯგუფად იბარებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრების მხრიდან არ ყოფილა წინააღმდეგობა და ისინი მზად არიან, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ, დღეს, 11:30 დაკითხვაზე დაიბარეს საკრებულოს 3 დეპუტატი, რომლებიც ამ წუთებამდე არ გამოსულან საგამოძიებო ორგანოებიდან. ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეტევა ეს არის შეტევა დემოკრატიაზე.
მისი თქმით, საზოგადოებამ და სხვა ფრაქციებმა ამ ზეწოლაზე ხმა უნდა აღიმაღლონ.
"დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ ადეკვატური რეაქცია. ჩვენ დღევანდელ სხდომას მაინც ჩავატარებთ, შემდეგ რას მოვიმოქმედებთ და რა ფორმებით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას, ამგვარი სისტემის მიმართ, მომავალში მოგახსენებთ", განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ.
0