12:50:57     25-01-2013
საკადრო ცვლილებები ივანიშვილის მთავრობაში

ქართველი ექსპერტების ნაწილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს პროგნოზირებს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მთავრობის მუშაობის 100 დღეს შეაჯამებს და სამინისტროების იმ წარმომადგენლებს გაუშვებს თანამდებობიდან, რომლებმაც ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყვეს.
ასეთებად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სახელდებიან, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინ ივანიშვილს ‘’დემოკრატების’’ ხმების დაკარგვა არ აწყობს, სიტუაცია დრამატულად ვითარდება ირაკლი ალასანიას გარშემო, რადგან უკვე არაერთი ‘’ქართული ოცნების’’ წევრი ალაპარაკდა ალასანიას პარტიაში გადაბირების მცდელობაზე. ყველაზე დიდი ფრთა მთავრობაში სწორედ ალასანიას ჰყავს, განწყობაგაფუჭებულია თეა წულუკიანი, რომელიც ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატურად პარტიაში არსებული განხილვების შესახებ და მზადყოფნას გამოთქვამს ამბიციური მინისტრი საჯაროდ გაკიცხოს პრემიერმა თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. ალასანიას თანაგუნდელია გარემოს დაცვის მინისტრიც და ალასანიას ცოლისდა ფანჯიკიძეც, რომელიც ალასანიას კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში ასევე დაკარგავს თანამდებობას. კულუარებში საუბრობენ სოზარ სუბარის შეცვლაზეც, რადგან მან ვერ მოახერხა ციხეებში სიტუაციების დარეგულირება და პატიმრების მწვავე პროტესტი არაერთხელ გამოიწვია.
საუბარი იყო მთავარი პროკურორის მოადგილით - ლაშა ნაცვლიშვილით ჩანაცვლებაზეც, რომელიც ძალაში რჩება.
ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენასაც არ გამორიცხავს. მათი თქმით, უშიშროების ექს-მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას განცხადებები პოლიტიკაში დაბრუნენების შესახებ, შეიძლება გახდეს ხაბურძანიას ივანიშვილის კარზე დაწინაურების წინაპირობა. გარკვეულ შემოთავაზებებზე ხაბურძანია უკვე ალაპარაკდა.
სამთავრობო როტაციებს ექსპერტები ივანიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტის დასრულების შემდეგ აანონსებენ. მითუმეტეს, რომ აღნიშნული უკვე დაადასტურა ივანიშვილთან დაახლოებულმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხუხაშვილმა განაცხადა, რომ პირველი შეჯამების დრო უკვე დადგა.
გია ხუხაშვილი: რაღაც გადაადგილებები შესაძლებელია მოხდეს და ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. ამაში დრამატული არაფერია.
ექსპერტი სოსო ცინცაძე იმ სამინისტროების წარმომადგენლების ვინაობასაც ასახელებს, რომელებმაც პრემიერისგან შენიშვნები დაიმსახურეს. ასეთები არიან განათლებისა და სოციალური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელები.
სოსო ცინცაძე: თუ მოსახლეობის განწყობილებით ვიხელმძღვანელებთ, პირველი კანდიდატი, რომელსაც ცვლილება უნდა შეეხოს, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია. რომელიც ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტს ვერ გასცდა. გაზაფხულისთვის კი განტევების ვაცად შეიძლება სოციალური მიმართულების მინისტრი იქცეს.
ექსპერტთა ნაწილი სამთავრობო კარუსელში მოხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესაც უწინასწარმეტყველებს. პოლიტოლოგების განცხადებით, ფანჯიკიძის მოხსნა ალასანიას გუნდის განეიტრალებას უკავშირდება. მათი ვარაუდით, ივანიშვილი ამ პოსტზე რუსეთთან ურთიერთობაში მის წარმომადგენელს - ზურაბ აბაშიძეს დანიშნავს.
თავად მაია ფანჯიკიძე, აღნიშნულ ინფორმაციას შემდეგნიარად პასუხობს: ‘’მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ აბაშიძე იქნება რუსეთ საქართველოს ურთიერთობის მოგვარების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი. მე - საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩემი თანამდებობიდან მოხსნა არ იგეგმება.’’
არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ დირექტორი ნინო დაპიაშვილი თვლის, რომ პროდასავლური კურსის მატარებელი პოლიტიკოსების რაოდენობა კოალიციაში და მთავრობაში შემცირდება. ამის მაგალითად დაპიაშვილს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრეიერის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყავს.
დაპიაშვილის აზრს იზიარებს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია და აცხადებს, რომ ივანიშვილის მთავრობაში პრო-რუსული პოლიტიკოსები დაწინაურდებიან.
მისი თქმით, ზურაბ აბაშიძეს ვალერი ხაბურძანია ჩაანაცვლებს.
პაატა დავითაია: ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას და პრო-რუსულ ძალასთან თანამშრომლობას აპირებს. საქართველოში ასეთი ძალა „ქართული ოცნებაა“.
მინისტრთა კაბინეტში, მთავრობაში განსახორციელებელი საკადრო წმენდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
რაც შეეხება ამ დრომდე ვაკანტურ ვიცე-პრემიერის პოსტს. კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ პოსტზე მის ფავორიტს, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაახახელებს.
0