15:04:48     24-01-2013
ალასანია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის ემზადება?

კოალიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე „ქართული ოცნების“ წევრები ალაპარაკდნენ. კოალიციის წევრი მარეხ ყანბეგაშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა მის პარტიაში გადასვლა შესთავაზა.
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კასპის ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა სწორედ ამ პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ, ჩემთან მოსული იყო ალასანიას პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი. მან შემომთავაზა, რომ მათ პარტიაში გადავიდე და გაცილებით კომფორტულად და წყნარად ვიქნები, იქიდან გამომდინარე, რომ ალასანია პრეზიდენტი გახდება. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები მოიგო ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგებში დავრჩი", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი მარეხ ყანბეგაშვილი.
იგივე სიტუაციაა თურმე გურიაშიც. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მსგავსი სიუჟეტი განვითარდა ოზურგეთშიც, რის შესახებაც მას თანაკურსელმა უამბო.
ბიძინა ივანიშვილი: "ოზურგეთის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში, ჩემი სტუდენტობის მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ. ის ჩამოვიდა სამი დღის წინ თბილისში და მომიყვა, რომ პოლიციის უფროსმა უთხრა, პარტიაში ყველაფერი გადაწყვეტილია, ირაკლი ალასანია უნდა იყოს პრეზიდენტი და რაღა გინდა მაგ პარტიაში, გადმოდი ჩვენ გუნდშიო".
შესაბამისად, იკვეთება სურათი, რომ ალასანიას გუნდი, რომელიც ღიად ლობირებს საპრეზიდენტო მოდელს, ივანიშვილის თანაპარტიელების გადმობირებას გეგმავს და დამოუკიდებებლი პოლიტიკური თამაშისთვის ემზადება. ყოველშემთხვევაში, როგორც ჩანს ასე ფიქრობს ივანიშვილი, რომელმაც ამბის შეტყობისთანავე ალასანიას ჯერ ‘’მძიმე შეხვედრა’’ მოუწყო, შემდეგ კი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა და ღიად, საქვეყნოდ მიუთითა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაეტიოს, თუ მისი დაკარგვაც არ სურს.
0