როგორ უსწორდებიან რებრენდირებული პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს როგორ უსწორდებიან რებრენდირებული პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს />


  16:06:08     23-01-2013

როგორ უსწორდებიან რებრენდირებული პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს

a23174.jpg

შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებს ადამიანების ცემასა და სიტყვიერ შეურცხყოფაში ადანაშაულებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში  მოქალაქე გოგა ხეტეშვილი აცხადებს, რომ  პოლიციის თანამშრომელმა ვანო დულარიძემ მას ისე სცემა, რომ გონება დაკარგა, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

გოგა ხეტეშვილი: უცხო ნომრით დამირეკა უცნობმა პირმა და მითხრა, საავადმყოფოს ეზოში მოდი, ჭანდარში უნდა წაგიყვანოთ, გარდაცვლილის ბალზამირება გვჭირდებაო. საავადმყოფოს ეზოში რომ მივედი, დავინახე ფორმის გარეშე იყო პოლიციელი ვანო დულარიძე. მეორე ფორმიანი მოვიდა, მართვის მოწმობა მომეციო, არ მაქვს მეთქი. გახსნა ვანო დულარიძემ პიკაპის მარკის მანქანის უკანა კარი, კისერში მტაცა ხელი და ჩამსვა. თვითონ წინ დაჯდა, ხელი გადმოყო და მუშტს თავში მირტყამდა, საავადმყოფოდან პოლიციის ეზომდე თავში მირტყამდა, მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. თან მეუბნებოდა, ისე უნდა გირტყა, რომ არ დაგეტყოსო.

მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომელი მას ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფდა.

„მერე ამიყვანეს პოლიციაში. ვანო დულარიძემ უთხრა პოლიციელებს, ნარკოლოგიურში წავიყვანოთ, იქნებ პლანიც აღმოაჩნდეს და კიდევ 500 ლარი ჯარიმა გადავახდევინოო. შემოწმების შედეგად არაფერი არ აღმომაჩნდა და უკან წამომიყვანეს. ბადრაგს ვუთხარი, იმდენი მირტყა ვანომ თავში, რომ ცუდად ვარ, თან შაქარი მაქვს, თქვენ კიდევ არც ინსულინი გამაკეთებინეთ, არც მაჭამეთ და ცუდად ვარ მეთქი. მართლაც გონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, საავადმყოფოში ვიყავი. თავზე სისხლჩაქცევები მქონდა“, – აღნიშნა გოგა ხეტეშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მომხდარზე რეაგირებისათვის მოქალაქემ განცხადებით კახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვანო დულარიძე ამ დრომდე პოლიციაში აგრძელებს მუშაობას.

ამასთან  გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ, რომ გოგა ხეტეშვილი საავადმყოფოში მართლაც მოათავსეს და ის სტაციონარში შეყვანის მომენტისთვის უგონო მდგომარეობაში იყო.

პოლიციის თანამშრომლების  მიერ უფლება-მოსილების ფაქტზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრიც.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა რეზო ქადაგიშვილმა და გოჩა კახიძემ დაკავების დროს მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„8 დეკემბერს, სოფელ გურჯაანში, ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაკავეს გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა რეზო ქადაგიშვილმა, გოჩა კახიძემ, მესამე ვინ იყო არ ვიცი, სახეზე ვიცნობ. დაკავების დროს მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მივიღე სხეულის დაზიანებები. ამის შემდეგ გადამიყვანეს შს გურჯაანის სამმართველოში, იქიდან ყვარლის იზოლატორში. კვირას, 9 დეკემბერს, გურჯაანის სასამართლომ შემიფარდა 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. პროცესის დაწყებამდე პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ უნდა გიჩივლოთ, რატომ მცემეთ მეთქი. გოჩა კახიძემ მითხრა, სასამართლოზე არაფერი არ თქვა და აქედანვე გაგიშვებენო, თუმცა მომატყუეს. დამემუქრნენ ასევე, რომ საჩივრის შეტანის შემთხვევაში სახლში იარაღს აღმომიჩენენ და ციხეში გამიშვებენ“, – აღნიშნავს ივანე კუპრაშვილი განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით,  პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი დასტურდება ივანე კუპრაშვილის, თვითმხილველების ახსნა – განმარტებებით, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყვარლის სამსახურის ექიმების მიერ შესაბამის ჟურნალებში გაკეთებული ჩანაწერით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ‘’პრესა.ჯი’’ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.

„ძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პროკურატურა თავად გააკეთებს“,- განაცხადა გიორგობიანმა.

0

ავტორი: