შეშფოთებული ივანიშვილი და ნიჩაფზე დადებული მინისტრები... შეშფოთებული ივანიშვილი და ნიჩაფზე დადებული მინისტრები... />


  15:08:12     23-01-2013

შეშფოთებული ივანიშვილი და ნიჩაფზე დადებული მინისტრები...

a23173.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლება-მოსილების შეჩერების ფაქტს ‘’პრესა.ჯი’’-სთან ექსპერტები და პოლიტიკოსები აფასებენ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების" თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ალასანიას პოსტიდან გადაყენების ზუსტ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, ეს მის პროდასავლურ კურსს უკავშირდება.

აკაკი ბობოხიძე: ალასანია ერთადერთია „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ტერმინ ოკუპაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი გუნდის განცხადებებში მკაფიოდ ჩანს, რომ ქვეყანა დასავლური კურსით უნდა განვითარდეს. 

ბატონი ალასანიასთვის ‘’ოცნების’’ სხვა წევრებისგან განსხვავებით,  გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო კურსი, ვიდრე რა გზით იქნება არჩული საქართველოს პრეზიდენტი. ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია, რეალურ მიზეზებზე ალასანია გააკეთებს ალბათ განცხადებას.

პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის დაწყებულ უთანხმოებას ამჩნევს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმით, ალასანიას განცხადებებში იგრძნობოდა, რომ ის ივანიშვილის მორჩილებაში ყოფნას არ აპირებს.

„ჯერ კიდევ ერევანში ვიზიტისას განაცხადა საქართველოს პრემიერმა რომ ირაკლი ალასანია საპარლამენტო აჩევნებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ამ პოსტზე ვახტანგ ხმალაძეა. დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ესეც შეგვიძლია დავასახელოთ. რაც შეეხება ალასანიას დასავლურ კურსს, ეს მოსაზრებაც იმსახურებს ლოგიკურ არსებობას. გასათვალისწინებელია ირაკლი ალასანიას ხასიათი, მას რიგ საკითხებზე შეუვალობა ახასიათებს“,- განუცხადა ‘’პრესა.ჯი“-ს ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კოალიციის ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე აზრთა სხვადასხვაობის მაქსიმალური დროით დამალვას შეეცდება. რადგან ჩიტაძის თქმით, ივანიშვილს შიდა დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ სჭირდება.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, კოალიციაში თვლიან, რომ ალასანიამ მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა თავდაცვის სამინისტროში. ამიტომ მას საქმის კარგად  შესრულებაში ვიცე-პრემიერობა ხელს შეუშლიდა. ირაკლი ალასანიას პრესსამსახურმა, რომელსაც ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ, განგვიცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ალასანია სპეციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.

მანადმე კი პრესსამსახურმა ალასანიას იმ კომენტარზე მიგვითითა, რომელიც მინისტრმა “ექსპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ უზუსტობაა ალასანიას დღეს გაკეთებულ განცხადებებს შორისაც. ‘’ექსპრესნიუსს’’ ალასანიამ განუცხადა, რომ ვიცე პრემიერის უფლებამოსილება საკუთარი სურვილით, 21 იანვარს მოიხსნა. ალასანია სააგენტოსთან ამბობს, რომ  21 იანვარს საუბარი პრემიერ–მინისტრთან ჰქონდა და დაარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტროს განვითარებისთვის უმჯობესი იქნებოდა მისი ენერგია შეიარაღებული ძალების განვითარებას მოხმარებოდა.

“ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირებული ვარ თავდაცვის უწყებაზე. ჩვენი დაწყებული რეფორმა იმდენად შრომატევადია, რომ პრემიერთან შეხვედრისას მე შევუთანხმდი, რომ ვიცე–პრემიერის უფლებამოსილებას მოვიხსნიდი. “– აღნიშნა ალასანიამ. ახლა კი სატელევიზიო კომენტარებში ალასანია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო, თუმცა მასსა და პრემიერს შორის უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფს.

ფაქტია, ალასანიას მიერ გუშინ გაჟღერებულმა ფრაზამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით, მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა, და რომ პრემიერი შეაშფოთა ალასანიას პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატებზე მსჯელობამ, საზოგადოება კოალიციის შიგნით დაწყებულ დიდ განხეთქილებაზე აალაპარაკა.

ექსპერტი სოსო ცინცაძე თვლის რომ ახლო მომავალში ბევრ მინისტრს ვიხილავთ ნიჩაფზე.

სოსო ცინცაძე: დაიწყო საკადრო პოლიტიკა, ეს არის პირველი მერცხალი. ალასანიათი იწყება ეს პროცესი, მაგრამ ამით არ დამთავრდება. ჩვენ კიდევ რამდენიმე მინისტრს ვნახავთ ნიჩაფზე დადებულს. 

0

ავტორი: