10:46:08     23-01-2013
Stratfor: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კომპასი არა დასავლეთსა და ნატოს, არამედ რუსეთს უჩვენებს

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor ყოფილ საბჭოთა რესპუბიკებთან დაკავშირებით 2013 წლის გეოპოლიტიკურ პროგნოზს აქვეყნებს. ამ პროგნოზის თანხმად, მიმდინარე წელს საქართველო დასავლეთთან და ნატოსთან დაშორებითა და რუსეთთან მიახლოებით არასასიამოვნო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორც Stratfor-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ბოლო პერიოდში რუსეთმა წარმატებას მიაღწია თავისი გავლენის აღდგენის თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა პერიფერიებში - წერს Stratfor. 2008 წელს, საქართველოსთან ომის დროს თავისი მტკიცე ნების დემონსტრირებით, მოსკოვმა არ დაიშურა ძალისხმევა ფერადი რევოლუციებით მოსული მისთვის არასასურველი ხელისუფლებების დასამხობად უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში. თუმცა მოსკოვის გავლენა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე თანაბარი არ არის, - სადღაც ის მეტია, სადღაც კი წინააღმდეგობას აწყდება.
დასკვნაშია აღნიშნულია, რომ 2013 წელს, რუსეთისთვის მთავარი პრობლემა კავკასიაში საქართველო იქნება.
„პოლიტიკურ არენაზე მილიარდელ ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ გამოსვლამ გააძლიერა საქართველოში რუსეთის გავლენა და ეს ძირითადად, ანტირუსული ბანაკის ხარჯზე მოხდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მისცემს ივანიშვილს 2013 წელს ძალაუფლება თავის ხელში მოიქციოს“ - წერს ანალიტიკური ცენტრი და აღნიშნავს, რომ „რადგანაც თბილისის საგარეო პოლიტიკური კომპასი უკვე აღარ უჩვენებს დასავლეთსა და ნატოს და უფრო მეტიც, პირიქით, ყველაფერი რუსეთთან ნორმალიზაციისკენ მიდის, 2013 წელს საქართველო რისკავს თავისთვის არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეს, რადგანაც ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ შეიძლება დაძაბული ურთიერთობები გამოიწვიოს სხვა, რუსეთის გავლენით შეშფოთებულ რეგიონალურ მოთამაშეებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან“ - ნათქვამია წლის გეოპოლიტიკური პროგნოზის ამსახველ ექსპერტულ კვლევაში.
0