რატომ ერჩის ღარიბაშვილის უწყება გურამ ჩალაგაშვილს? რატომ ერჩის ღარიბაშვილის უწყება გურამ ჩალაგაშვილს? />


  17:54:46     22-01-2013

რატომ ერჩის ღარიბაშვილის უწყება გურამ ჩალაგაშვილს?

a23154.jpg

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხელისუფლების მხრიდან გურამ ჩალაგაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლასა და დისკრედიტაციაზე საუბრობს.  სემეკი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჩალაგაშვილზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.

"ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მისი თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის დისკრედიტაციას. კომისიას მიაჩნია, რომ თავმჯდომარესა და კომისიაზე ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა, რასაც მოწმობს არაერთი განცხადება თუ ფაქტი. აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ 18 იანვარს, გურამ ჩალაგაშვილის დაკითხვის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გაავრცელა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ხოლო სატელევიზიო კომენტარების დროს განაცხადა მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობის გადახედვის აუცილებლობის შესახებ, რაც პირდაპირ ნიშნავს კომისიის საქმიანობაში უხეშ ჩარევასა და მასზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას.

კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო და მისი არც ერთი წევრი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მინისტრის მხრიდან კომისიის თავმჯდომარის უაპელაციოდ დადანაშაულება და საქმის გამოძიების დასრულებამდე რაიმე სახის განცხადება, კომისიის მიერ აღიქმება ზემოქმედებად როგორც სასამართლოზე, ასევე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაში ჩარევა და კონტროლი დღემდე ვერავინ მოახერხა. უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს კომისიაზე კონტროლის განხორციელება, რაც არ შეუწყობს ხელს დარგის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 19 იანვარს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა შემდეგი: 2013 წლის 12 იანვარს, 23:15 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ლოკალურად შეუწყდათ შპს "ამირანს" იქ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარედ არსებულ ხის გადამამუშავებელ საწარმოს, ავტომომსახურების ობიექტებსა და მოქალაქეებს (სოფ. ქვიტირი. წყალტუბოს რაიონი). მათ შორის არ ფიგურირებს არც სამედიცინო ობიექტი და არც ქუთაისის რომელიმე უბანი.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია ჩართული არ ყოფილა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, არის მტკნარი სიცრუე, რადგან კომისია ერთ–ერთ წამყვან როლს ასრულებდა სამინისტროსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში და აქტიურად მონაწილეობდა ტარიფების შემცირების პროცესში.

ცრუ განცხადებებითა და ბრალდებებით ჩრდილი მიადგა დამოუკიდებელი კომისიისა და თავმჯდომარის რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით დიპლომატიურ მისიებს საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნული განცხადება არ ითვალისწინებს კითხვა-პასუხის ფორმატს. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში კიდევ ბევრი არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრთან" ერთად გეგმავს საჯარო შეხვედრას, სადაც კომისია უპასუხებს საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას", - აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.

0

ავტორი: