14:32:35     22-01-2013
ვანო მერაბიშვილმა საბიუჯეტო კრიზისის საგანგაშო მაჩვენებლები წარმოადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალ მთავრობას საბიუჯეტო კრიზისის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.
დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ყოფილმა პრემიერმა დაპირებული ანგარიში წარმოადგინა, სადაც დათვლილია ეკონომიკური მაჩვენებლები 2011-12 წელების მდგომარეობით.
მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკონომიკური მაჩვენებლის კლება შეინიშნება, როგორც ექსპორტ-იმპორტის შემთხვევაში, ასევე ქვეყნის პროდუქტის შიდა ბრუნვასთან მიმართებაში.
ვანო მერაბიშვილი: მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღოს საგანგებო ზომები რათა კრიზისი, რომელიც დაწყებულია, არ გაღრმავდეს და ქვეყანა არ დადგეს სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე.
თქვენ ხედავთ 2011-12 წლების მაჩვენებლებს. 2011 წელს, პირველ კვარტალში 5.8%-იანი ზრდა იყო, მეორეში - 6.0, მესამე კვარტალში - 7.9, მეოთხე კვარტალში - 8.5. მსგავსი ტემპი 2012 წელსაც გრძელდებოდა. პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლის 6.5% ზრდა ფიქსირდებოდა, მეორეში - 8.2 მესამე კვარტალში - 7.5 . რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, აქ ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 2.3%-ით, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ სამ მიზეზს, რამაც აღნიშნული კრიზისი გამოიწვია.
კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ყიფილი პრემიერი ბიზნესების მასობრივ შემოწმებას ასახელებს. ასევე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და რაც ყველაზე მთავარია, მერაბიშვილის თქმით, დღევანდელ მთავარობას არ გააჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა.
დღესვე, აღნიშნულ საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. უმრავლესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, კრიზისიდან გამოსავლა შესაძლებელია საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის გზით.
მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ მსგავს სიტუაციაში 2003 წელს ვიყავით. მაშინ ამ ყველაფერს ეკონომიკური ამნისტიით და კანონის ლიბერალიზაციით ვუპასუხეთ. ფაქტია, რომ პრობლემები არის. ჩვენ ვთავაზობთ დღევანდელ ხელისუფლებას ერთად მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემა.
0