12:49:37     22-01-2013
9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ახალი დეტალები გამოიკვეთა
გახდა თუ არა 9 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზი პოლიტიკა?- ეს კითხვა მთელ საქართველოს, არჩევნების წინა დღეს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, არ ასვენებს.
არჩევნების წინადღეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 9 თვის ჩვილი - ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხჩვალი იპოვეს.
მაშინ, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, ‘’მე-9 არხის’’ ეთერში განაცხადა, რომ ჩვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.
ეს საკმაოდ მძიმე ბრალდება კულტურის მინისტრის ამჟამინდელ მრჩეველს ამ დრომდე არ დაუსაბუთებია. სამართალდამცავებს ის არც კი დაუკითხავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელს, რომელიც ელვის სისწრაფით გახსნილი დანაშაულებით იწონებს სამი თვეა ჟურნალისტებისთვის ერთი პასუხი აქვს: „მიმდინარეობს გამოძიება“.
ახლადდანიშნულმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ სამ კვირაში მომხდარის რეალური სურათი ექნებოდა, თუმცა, დღეს ეს დაპირება უკან წაიღო.
მინისტრმა გამოძიების გაჭიანურება რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ახალი, სერიოზული გარემოებების გამოკვეთით ახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩემი ინფორმაციით, სამ კვირაში მექნებოდა რეალური სურათი. თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ალბათ, ნაჩქარევი იყო ის განცხადება. სამწუხაროდ, უნდა განვმარტო, რომ მკვლელობიდან, ამ უბედური შემთხვევიდან, სწრაფი რეაგირება არ მოხდა. საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება ცხელ კვალზე არ განხორციელდა, რამაც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შეიყვანა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და გამოკვეთილია, ახალი სერიოზული გარემოებები. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ.
რაფალიანცების ტრაგედიაზე, ხელმოსაჭიდი მომხდარიდან სამი თვის თავზეც აღარაფერია. საზოგადოებას კი ამ დროის მანძილზე ბევრი კითხვა დაუგროვდა.
თუმცა ყველაზე მთავარი იმის გარკვევაა ჩააგდეს თუ ჩავარდა გოგონა წყლით სავსე ქვევრში.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი ქვევრში აღმოჩენამდე ცოცხალი იყო.
ფაქტი ერთია, მიუხედავად უამრავი მოწმისა, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება მისცეს, საქმეს ძვრა არ აქვს.
0