12:32:13     17-01-2013
პროკურორ ლეთოდიანის პირადი მძევალი

ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის მოადგილეს, ვინმე ლაშა ლეთოდიანს ადამიანები მძევლად აჰყავს და ციხეში ამწყვდევს. მისი ორგანიზებით, რამდენიმე დღის წინ, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ზურაბ კასრაძე დააკავეს. მას, ლეთოდიანი მიწების გასხვისებას ედავება. საქმეში არათუ მტკიცებულება, არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც კასრაძეს ხელს ადებს.
ლაშა ლეთოდიანი არჩილ კბილაშვილის კურსელია. მას, თავის დროზე, სწორედ მიწების მითვისების გამო აუწიეს ყური. შემჩნეული იყო ქრთამის აღების მცდელობაშიც.
ლეთოდიანის წინააღმდეგ პროკურატურაში შესულია უამრავი საჩივარი, მათ შორის წავკისის გამგებლის, ციცო ქოროღლიშვილის მიერაც. ქალბატონი ციცო ლეთოდიანის პირადი პატიმარი გახლდათ.
გამგებელი, ზურაბ კასრაძის მსგავსად, მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავეს. თუმცა, სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდა. გაჟღერდა ისიც, რომ მისი დაპატიმრებით პირადად ლეთოდიანი და პროკურორი აბულაძე იყვნენ დაინტერესებულნი.
ლაშა ლეთოდიანი მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაშიც. გორელები ჰყვებიან, რომ ლეთოდიანი ბიზნესმენებს ატერორებდა და აიძულებდა მისთვის ძვირადღირებული საჩუქრები მიეტანათ. ლეთოდიანის „სამართალი“ შიდა ქართლის მოსახლეობას ახლაც მწარედ ახსოვს. ისინი მის მიერ პირადი გამორჩენის მიზნით ადამიანების დაკავებაზეც მიანიშნებენ.
რატომ დააჭერინა ლეთოდიანმა გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი?
ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე, ლაშა ლეთოდიანი ზურაბ კასრაძის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებას არც მალავს. ის, თანამშრომლებთან ამაყობს კიდეც იმით, რომ „კასრაძის დაკავებით გუბერნატორს დაარტყა“. მისი აზრით, ზურაბ კასრაძის თუნდაც აბსურდული ბრალდებით დაკავებას რუსთავში პოლიტიკური სიტუაციის შემობრუნება უნდა მოჰყვეს.
საუბარია იმაზე, რომ ერთ დროს ქრთამის აღების მცდელობაში შემჩნეულ ამ გაქსუებულ პროკურორს, რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის დაშლა სურს. ლეთოდიანი არც იმას მალავს პირად საუბრებში, რომ დირექტივა, გუბერნატორისა თუ მისი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმეების შეთითხნის შესახებ, კბილაშვილისგან მიიღო.
საუბედუროდ დღეს ასეა: კორუმპირებული, მექრთამე და სტომაქზე ორიენტირებული მედროვეები ადამიანებს პირადი თუ პოლიტიკური მოტივით იჭერენ. ლეთოდიანის მიერ კასრაძის დაკავება ამის ნათელი მაგალითია. კაცი, რომელიც თავად გაწკეპლეს მიწების მითვისებისა თუ ქრთამის აღების მცდელობის გამო, ახლა, სხვას აბრალებს იგივე დანაშაულს.
P.S: „პრესა.ჯი“-მ მოიპოვა რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ლეთოდიანსა და მის ხელმძღვანელობას უკავშირდება. ჩვენი ჟურნალისტები ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებას ატარებენ.
ფაქტების გადამოწმებისა და რესპონდენტების ჩაწერის შემდეგ, ჟურნალისტურ გამოძიებას გამოვაქვეყნებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ გახმაურებული მტკიცებულებებით მთავარი პროკურორი დაინტერესდება და გამოძიებას მიუკერძოებლად წარმართავს, გამორიცხული არაა, რომ ლეთოდიანი, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად „ვირის აბანოში“ აღმოჩნდეს.