13:33:24     16-01-2013
სომეხი ექსპერტები ივანიშვილის სომხეთში ვიზიტს „აკრობატის თოკზე“ გავლას ადარებენ

ივანიშვილის სომხეთში ვიზიტი „აკრობატის თოკზე“ გავლის ტოლფასი იქნება - ასეთი მოლოდინი აქვთ სომეხ ექსპერტებს. როგორც ცნობილია, პრემიერი ერევანში 17 იანვარს უნდა ჩავიდეს. მანამდე კი ივანიშვილის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის წინა მცირე სკანდალი უკვე უზრუნველყო, რაც სომხეთში აქტიური განხილვის თემაა.
მაია ფანჯიკიძის სიტყვები, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, მართალია, საქართველოს საგარეო უწყებამ აზერბაიჯანული მედიის ინტერპრეტაციად გამოაცხადა, მაგრამ ერევანში ივანიშვილის ვიზიტის უხერხულობას სწორედ ამ განცხადებას უკავშირებენ. „როგორ უარყოფს ივანიშვილი თავისი მინისტრის განცახდებას, რომელმაც არ იცის საერთაშორისო სამართალი?“ - წერს სომხური მედია.
პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი კი პირდაპირ მიუთითებს, რომ აზერბაიჯანთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია სომხეთისთვის მიუღებელია. ერევანში იმაზეც კი მსჯელობდნენ გუშინ, ფანჯიკიძის სკანდალური განცხადების შემდეგ გადაიდებოდა თუ არა ივანიშვილის ვიზიტი.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასავლეთის სომხების საკითხთა შესწავლის ცენტრის დირექტორმა აიკაზუნ ალვრციანმა კი ვიზიტამდე პრესკონფერენცია გამართა და თავის ხელისუფლებას თბილისთან სასაუბრო ერთ-ერთ თემად ჯავახეთი განუსაზღვრა. ექსპერტი უკმაყოფილოა იმით, რომ მისის თქმით, სომხეთის ხელისუფლება ამ საკითხზე პრინციპულობას არ იჩენს. მისი თქმით, „სომხეთის ინტერესები ჯავახკთან მიმართებაში არ ნიშნავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რადგან ჯავახკი სომხური ტერიტორიაა, რომელიც დღეს პოლიტიკური ვითარებისდა გამო საქართველოს შემადგენლობაშია.“
თუმცაღა სომხეთს იმედს აძლევს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და ამდენად, პოზიტივს ხედავენ იმაში, რომ რუსეთთან დაახლოების მოსურნე ოფიციალურ თბილისთან მათთვის საჭირბოროტო თემებზე საუბარი გაცილებით მარტივი იქნება.
სომეხი ექსპერტები თბილისის მოსკოვთან დაახლოების მისწრაფებას თავის ერთგვარ კოზირადაც მიიჩნევენ. მინასიანის თქმით, „ივანიშვილის გეგემები, დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, ხსნის შესაძებლობებს, გაუმჯობესდეს ურთიერთობები სომხეთთან, რადგანაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია“.სწორედ ამ კონტექსტში სომეხი ექსპერტები, რომლებმაც ივანიშვილის ერევანში ჩასვლამდე თავისი აზრი გამოთქვეს, იმედოვნებენ, რომ ერევანს თბილისთან ზოგიერთი საკითხის პრინციპულად დაყენება შეუძლია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ შორისაა, ჯავახეთის თემა და ასევე, ეკლესიების საკითხი. 0