11:46:09     16-01-2013
სუბარის მოადგილე, რომელიც პენიტენციალურ სისტემას კურირებდა, სამსახურიდან წავიდა

ახლადდაკომპლექტებულ საჯარო სამსახურებში დიდი ცვლილებებია. ხელმძღვანელობა მაქსიმალურად წმენდს უწყებებს ძველი კადრებისგან და ანაცვლებს ახლით. ‘’ოცნების’’ მედროშეები, ქვისა და კვერცხის მსროლელები, აქციის მუდმივი მონაწილეები, ეს ის ხალხია, რომლის დასაქმების დირექტივაც ‘’ოცნების’’ წარმომადგენლებს აქვთ და წარმატებით ახორციელებენ.
განსხვავებული სურათია შედარებით ზედა ეშელონებში. სამი თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებიდან დღემდე, არაერთი ახლადდანიშნული თუ დასანიშნად გამზადებული კადრი შეიცვალა. მათ შორის იყვნენ მინისტრობის კანდიდატებიც, და კიდევ უფრო მეტი მინისტრის მოადგილე.
‘’ოცნებამ’’ მინისტრთა კაბინეტი, თავისი მოადგილეებით წლის მიწურულს ძლივს დააკომპლექტა და ის იყო ამოისუნთქეს, რომ ახალი წლიდან ახალი ცვლილებები დაიწყო. ჯერ ალასანიას წაართვა მოადგილე წულუკიანმა, ახლა კი სუბარის მოადგილემ ვეღარ გაუძლო და უწყებიდან გაიქცა.
ალასანიამ განმარტა, ბევრი ვეცადე, მაგრამ წულუკიანმა მაინც გადაიბირა ჩემი მოადგილეო, სოზარ სუბარი კი მოადგილის წასვლაზე დუმილს ამჯობინებს. მისი უწყება მხოლოდ ფაქტს ადასტურებს, რომ ირაკლი წერეთელიმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალჩინოსანი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე დაახლოებით სამი დღის წინ წავიდა.
‘’პრესა.ჯი’’ შეეცადა გაერკვია, რა გახდა პენიტენციურ სისტემის კურატორის გადაწყვეტილების მიზეზი. თუმცა წერეთელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
წერეთელის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტს ადასტურებს სუბარის კიდევ ერთი მოადგილე გიგა გიორგაძე, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
მომხდარის სხვა დეტალები არ იცის მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამაც. როგორც მან „პრესა.ჯი“-ს უთხრა ამ თემაზე თუ კითხვები იქნება კომენტარს თავად მინისტრი გააკეთებს.
წერეთელი სუბარის მოადგილედ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და სამინისტროში პენიტენციურ სისტემას კურირებდა.
0