14:29:49     15-01-2013
არჩილ კბილაშვილი: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში აუცილებლად გავერკვევი
საგანგებო ბრიფინგზე დღეს მთავარ პროკურორს ჟურნალისტებმა გახმაურებულ მკვლელობებზეც დაუსვეს შეკითხვები: ცნობილია, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართა განცხადებით კბილაშვილს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტარყაშვილის მშობლების განცხადება მას ამ დრომდე არ წაუკითხვავს.
მხეცურად მოკლული 23 წლის ჩოგბურთელის ოჯახისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვს წაყენებული მკვლელობის ბრალდება დავით ჯოხაძეს. მათი განცხადებით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ლუტეციის ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ესვრის ჯოხაძე ტარყაშვილს, შემდეგ კი რუსთაველზე, პარლამენტის მიმართულებით გარბის.
ჯოხაძე ბესიკის ქუჩის კუთხეში, ტაქსში ჩდება მკვლელობისთვის გასამართლებულ ივერი გოგბერაშვილთან ერთად და შემთხვევის ადგილს ტოვებს.
დღეს არჩილ კბილაშვილმა პირობა დადო, რომ ტარყაშვილის მკვლელობის ყველა დეტალს პირადად შეისწავლის, გაეცნობა მისი მშობლების საჩივარს და საზოგადოებას ახალ გარემოებებს დეტალურად გააცნობს.
ზურა რატყაშვილის მკვლეობის ბრალდება ამ დრომდე სამ ადამიანს აქვს წაყენებული. დავით რუსიშვილი ნაფიცმმა მსაჯულებმა გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში. მას სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ივერი გოგბერაშვილს სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი აგლაძე კი, დაუსწრებლად გაასამართლეს და მას 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ამ დრომდე მიმალვაშია. შს მინისტრი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მკვლელობისთვის ძებნილებს აუცილებლად დააკავებს, თუმცა, ჯერჯერობით პირობას ვერ ასრულებს (ტარყაშვილის მშობლების ინფორმაციით, აგლაძე უკრაინაში იმალება).
ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში დღემდე დაუდგენელია:
1. სად გაქრა "მაგთის" ვიდეო-კადრები (ოფიციალური ვერსიით, "მაგთის" ოთხი კამერიდან იმ დღეს არც ერთი არ მუშაობდა).
2. სად გაქრა მაღაზია "ნექსტის" მარჯვენა კუთხეში დამონტაჟებული ვიდეო-კადრები.
3. ამოიღეს თუ არა, მკვლელობის მესამე იარაღი.
4. რა როლი მიუძღვის ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში გიორგი ბარათელს.
5. ვინ არის და რა კავშირშია დანაშაულთან პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დავით ჯოხაძეს მიყვება.
ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ რამდენიმე იმ პირის ვინაობის დასახელებისგან, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის მომზადებასთან.