ზუგდიდის პოლიციიდან თანამშრომლებს იძულებით ათავისუფლებენ ზუგდიდის პოლიციიდან თანამშრომლებს იძულებით ათავისუფლებენ />


  13:04:59     15-01-2013

ზუგდიდის პოლიციიდან თანამშრომლებს იძულებით ათავისუფლებენ

a22990.jpg

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი შალვა შენგელია უწყების რეორგანიზაციის მიზეზით, სამმართველოს სტაჟიან თანამშრომლებს სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებს.

როგორც ‘’პრესა.ჯი’’-სთვის გახდა ცნობილი, 30 ნოემბერს ხარებავამ პოლიციის 8 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ ადგილზე კი გასულ კვირას კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები დანიშნა.

პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, სამმართველოს უფროსს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ და დახმარებას სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულ თენგიზ გუნავას სთხოვენ. 

როგორც თენგის გუნავას პრესსამსახურმა ‘’პრესა.ჯი“- ს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ გუბერნატორის სახელზე საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლების განცხადება შევიდა, რომლებიც ძალდატანებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით ყოლბაია, ზურაბ სოსელია, ირაკლი ცაავა, ლ. ჯიშკარია, დ.ჯანაშია, ლ. ბერაია, ლ. თორდია და ე. ახალაია აწერენ, ნათქვამია, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათთვის არავის აუხსნია.

როგორც პატრულის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, თავდაპირველად მათ სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლაზე უარი თქვეს, თუმცა მოგვიანებით, მათ აღნიშნული დოკუმენტის შევსება აიძულეს. მათთან ერთად სამსახურის გარეშე 26 თანამშრომელი დარჩა მათ შორის არიან ქალაქის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც ხელს უწყების ხელმძღვანელ ვახტანგ დადუნაძეს ადებენ.

როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია, აღნიშნული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს უკვე დაეგზავნათ.

ამასთან, როგორც შენგელიას ამბიციების ერთ-ერთი მსხვერპლი პირად საუბარში აცხადებს, მან მის ზემდგომებს შესთავაზა, რომ სამსახურში იმ დრომდე მაინც გაეჩერებინათ სანამ ის ბანკიდან აღებულ კრედიტს დაფარავდა, თუმცა სამმართველოს ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ პოლიციელის პირადი პრობლემა ახალი ხელმძღვანელისთვის ‘’ნაკლებად სადარდებელი’’ იყო.

"არ გვაინტერესებს თქვენი პრობლემები. ჩვენ ამ სამსახურის რეორგანიზაციას ვახდენთო",- უთხრეს ზუგდიდის პოლიციაში პატრულის ყოფილ თანამშრომელს.

‘’პრესა.ჯი’’ თანამშრომლების მასიურად დათხოვნის მიზეზის გარკვევას შენგელია-დადუნაძესთან შეეცადა, თუმცა მათ შს სამინისტროს პრესცენტრში გადაგვამისამართეს.

0

ავტორი: