10:22:33     15-01-2013
სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერევანში ივანიშვილის ვიზიტის წინააღმდეგია

როგორც სომხური გამოცემა PanARMENIAN.Net წერს, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტი. სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ვარდან სედრაკიანს ამასთან დაკავშირებით აინტერესებს: რა სერიოზული, მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხები შეიძლება აღიძრას სომხეთსა და საქართველოს შორის, რომ ივანიშვილმა სომხეთში ჩასვლა გადაწყვიტა.
‘’დღეს სომხეთის საარჩევნო კომისია საბოლოოდ გამოაცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობას. მათ შორის იქნება სერჟ სარქისიანიც. რა სტატუსით აპირებს ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი სტუმრის მიღებას? ის ფორმალურად ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა მორალური თვალსაზრისით, მე განვიხილავ ამას, როგორც სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევას’’ - განაცხადა სედრაკიანმა პრესკონფერენციაზე.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ისიც, რომ თუკი თავად გახდება პრეზიდენტი, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
სედრაკიანი ამბობს, რომ სომხეთში ჩასვლით ივანიშვილი თავის სიმპათიას უცხადებს სარქისიანს და მოუწოდა საქართველოს პრემიერს, თავი შეიკავოს ერევანში ვიზიტისგან.
„იანვრის ბოლო ვლადიმერ პუტინიც აპირებს სომხეთში ჩამოსვლას, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს სერჟ სარქისიანს. მე არაერთხელ ვთქვი, რომ სარქისიანი არ არის არჩეული პრეზიდენტი, ის ამ პოსტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დანიშნა, ამ მექანიზმმა 2008 წელს სომხეთის მოქალაქეების სისხლის ფასად იმუშავა“ - განაცხადა სედრაკიანმა და დასძინა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ამ მექანიზმის ამუსავებას ახლაც აპირებს.
„მე ვაფრთხილებ, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტი გავხდები, გავითვალისწინებ რუსეთისა და საქართველოს იმ მოქმედებებს, რომლებსაც არჩევნებამდე ექნება ადგილი“ - განაცხადა სედრაკიანმა.
0