პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბიძინა ბიზნესს დაერია?! პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბიძინა ბიზნესს დაერია?! />


  12:58:59     14-01-2013

პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბიძინა ბიზნესს დაერია?!

a22963.jpg

სადაა  დემოკრატია, რომლითაც ბიძინას ევროპა უნდა გაეკვირვებინა?! ის მხოლოდ  ბერას სიმღერებში და „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო  სქელტანიან ბუკლეტში  დარჩა. არადა, ივანიშვილი წინასარჩევნოდ ბიზნესის აყვავებას და ბიზნესმენებისთვის სასათბურე პირობების შექმნას გვპირდებოდა. პრემიერ- მინისტრს სოლოლოკის სათბურში პირობები მართლაც შესანიშნავი აქვს, თუმცა ფაქტები ქართულ ბიზნეს-სივრცეში, თუ როგორ ექცევა სინამდვილეში ივანიშვილი ბიზნესს,  პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტყველებენ.

სხვათაშორის, ივანიშვილი რუსულ  საქმიან წრეებშიც ანგარიშსწორებიან პიროვნებად ხასიათდება, ყოველ შემთხვევაში, ასეა რუსული წყაროების მიხედვით. მისი სააფთიაქო ქსელის თანამშომლები კი ივანიშვილის ბიზნეს-კომპანიებში არსებულ „ჩაშვების ინსტიტუტსა’’ და დოქტრინაზე საუბრობენ.

ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბიზნესმენები შეკრიბა და მათ განვითარებისთვის საუკეთესო პირობების დანერგვას დაპირდა. თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ: მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საგადასახადო სტრუქტურებს მიეცათ ბრძანება, რომ ფორს-მაჟორული წესით ამოეღოთ ბაზრობებიდან ე.წ. „ცენიკების“ და სხვა ტიპის ჯარიმები ბიუჯეტის შესავსებად, რომ შემდგომ ამ თანხებით ხადურს ალბათ 7 000 ლარიანი პრემია გამოეწერა მუშაობის პირველსავე თავეს.

გარდა ელიავას და  ლილოს ბაზრობის დატერორებისა, საფინანსო-საგამოძიებო დეპარტამენტი  ერთმანეთის მიყოლებით აჯარიმებდა და აპატიმრებდა ან შემოწმებას იწყებდა განსაკუთრებით იმ ბიზნეს-კომპანიებში, რომლებიც ან „ნაციონალების“ ახლობლების ან უბრალოდ ივანიშვილის  პოლიტიკური ოპონენტების  საკუთრება იყო. 

ფაქტი 1: ზუგდიდში ფინანსურმა პოლიციამ ფირმა „სანის" გენერალური დირექტორი ბიზნესმენი სერგო გვარამია დააკავა, რომელმაც ანაკლიაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროოქროს საწმისი" ააშენა. გვარამიას ერთ დღეში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მას ბრალად ედებოდა ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისება. თუმცა დაკავებულის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.  ფინანსური პოლიციის ამ ქმედების საპასუხოდ ხალხმრავალი აქცია მოეწყო ზუგდიდის ცენტრში, ისინი გმობდნენ ასეთი სახით დაკავებასა და უსამართლობას.

სერგო გვარამიას მიერ იქნა აშენებული ანაკლიის სასტუმრო კომპლექსი და ბულვარი,  სწორედ ამ სასტუმროს ხშირი სტუმარი და ანაკლიის განვითარების  მხარდამჭერი  იყო მიხეილ სააკაშვილი. ბიზნესმენის მიერ რამდენიმე ათეულ მილიონიანი ინვესტიცია იქნა შემოტანილი ანაკლიაში.  როგორც ჩანს, ივანიშვილი სწორედ ასე უქმნის სასათბურე პირობებს ბიზნესემენებს.  სამშენებლო კომპანიაში სულ დასაქმებული იყო 80.000 ადამიანი, რომელიც უმუშევარი დარჩა. 

ფაქტი 2: რიყის სკანდალი და იქ დასაქმებული კომპანიებისთვის რამდენიმე მილიონიანი საფრანგეთიდან მოზიდული ინვესტიციის პროკურატურით დაშინება, საქმე დღემდე ძიებაშია. 

ფაქტი 3: კომპანია „ალგორითმის“ , რომელიც პირველკლასელებისთვის ქართულ თანამედროვე „ნეთბუქებს“ აწყობს, 6 პუნქტი რამდენიმე დღის წინ ფინანსურმა სტრუქტურებმა დაულუქეს. ცნობილია, რომ „ალგორითმის“  დამფუძნებელი მომღერალ  ნინო ჩხეიძის ქმარი და სააკაშვილის მთავრობასთან დაახლოვებული ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი გახლავთ, რომელმაც „ალგორითმის“ ქარხნის უმაღლეს ევროსტანდარტებზე გადაიარაღება და პირველად საქართველოში, ქართული პერსონალური „ნეთბუქების“ გამოშვება შეძლო.  

ფაქტი 4: განათლების სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი კახა ბენდუქიძის  მიერ რებრენდირებულ აგრარულ უნივერსიტეტში  შემოწმებას ახორციელებს.  მათ, როგორც ავტორიზაციის, ასევე აკრედიტაციის სტანდარტები და კიდევ სხვა დეტალები უნდა შეამოწმონ. სინამდვილეში კი შემოწმების „ძაღლის თავი“ პოლიტიკაში მარხია.

ფაქტი 5: საგადასახადო ორგანოები  ზუსტად წინასაახლწლოდ შევიდნენ  ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „მადნეულსა“ და ,,კვარციტში“, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი გახლავთ „ნაციონალუური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი  კობა ნაყოფია. ნაყოფიას ბიზნესიც ივანიშვილსა და ხადურს თვალში  მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ივანიშვილის კურსის მიმდევარი და სოციალისტური ეკონომიკის პროპაგანდისტი არ გახლავთ.  კომპანია, რომელიც ბიუჯეტში შენატანებით  საქართველოში ლიდერია, საგადასახადო სტრუქტურების შემოწმების ობიექტი სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკური  ზეწოლის ან ანგარიშსწორების ნიშნით  გახდა. 

ფაქტი 6: აღნიშნული ფაქტი თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მარიკა ვერულაშვილს ქმარს პროკურატურაში იბარებდნენ და ბიზნესზე ზეწოლით ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეუღლის „ოცნებაში“ გადასვლაზე. როგორც ცნობილია,  მარიკა ვერულაშვილის ქმარი, სოსო ჩხაიძე დიდი ხანია  რკინიგზის, ღვინის და  სხვა ბიზნეს-სექტორებშია დაკავებული.

ფაქტი 7: ვანო მერაბიშვილის ბიძის, შპს „ტაოს“  მფლობელის, ლევან თუმანიშვილის დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ. საგამოძიებო მასალებში წერია, რომ თუმანიშვილის დავალებით უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს მისი თანამშრომლები.

ფაქტი 8:  კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელის კახა დამენიას, „თელასის“ გენერალური დირექტორის დევი კანდელაკის და ხეთაგურის საქმე, საკონსულტაციო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, უკანონო ფარული მოსმენები და შემდგომ მათი დაპატიმრება. 

როგორც ფაქტებიდან ცხადი ხდება, რატომღაც ხადურის უწყება  და პროკურატურა ძირითადში   საგანგებოდ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული  ბიზნესმენების კომპანიების შემოწმებით  ინტერესდება.  ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, მაგრამ ხადური მაკვირვებს! 

0

ავტორი: