17:26:51     11-01-2013
ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებს დაემუქრა

პრემიერის პოსტის დაკარგვის შიშმა ბიძინა ივანიშვილი ისე შეიპყრო, რომ იგი უკვე ღია მუქარაზე გადადის და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დეპუტატებს მომავლის გაფუჭებით ემუქრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიაკავშირ „ობიექტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაბედავს, რადგან ამით ისინი მომავალს გაიფუჭებენ.
ბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერცერთი დეპუტატი ვერ გაბედავს. საპარლამენტო უმცირესობიდან, ორი-სამი თავზეხელაღებულის გარდა, ვერავინ გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წასვლას. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა მომავალს გაუნადგურებს თითოულ დეპუტატს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის მუქარამ უმცირესობა ვერ შეაშინა. როგორც ‘’პრესა.ჯი’’-სთან საუბარში უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ივანიშვილი ვერ მიუთითებს როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.
დავით დარჩიაშვილი: რასაც ჩავთვლი საჭიროდ სწორედ იმას გავაკეთებ. ყველა თავისი სინდისით იხელმძღვანელებს. პრემიერის ტრაფარეტულ განცხადებაზე მხოლოდ ეს პასუხი მაქვს.
ირონიულად პასუხობს ივანიშვილის განცხადებებს დეპუტატი გოგა ხაჩიძე, ის ზურაბ ჯაფარიძის ციტატას (რომ ივანიშვილის წინაშე დაჩოქებას არავინ აპირებს), ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: ‘’გაგახარებს ზურა ღმერთი, თორემ ცალი მუხლი მოყრილი მქონდა უკვე’’...
ცნობითვის, პრემიერმა საკონსტუციო ცვლილებების პროექტის გარდა, ირმა ინაშვილთან ამნისტიის კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთა ბედს არა პარლამენტი, არამედ ხალხი გადაწყვეტს. სწორედ
ივანიშვილის ამ განცხადებას უპასუხა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის წინაშე დაჩოქებას არავინ აპირებს, მისი მიტევება არავის სჭირდება!
ზურაბ ჯაფარიძე: ზოგადად, ივანიშვილის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ რაღაც ბარტერებს გვთავაზობს და მოგვიწოდებს, მოვინანიოთ ცოდვები და დავიჩოქოთ მუხლებზე. "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ წევრს არ ეშინია და მოსანანიებელიც არაფერია, რადგან 90% სუფთაა.
0