13:55:11     11-01-2013
რას უპირებს პოლიციას ირაკლი ღარიბაშვილი? (ვიდეო)

„ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამარცხებული კანდიდატი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, პოლიციის აკადემიის პრორექტორად დაინიშნა.
კურტანიძე აცხადებს, რომ პოლიციის აკადემიაში სწავლების ინოვაციურ მეთოდებს დანერგავს. რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას კურტანიძემ და რა ცოდნა შეუძლია გაუზიაროს კურსანტებს ამის გასაანალიზებლად მისი ახლო წარსული გამოდგება.
წინასაარჩევნო მარათონში ‘’ქართული ოცნების’’ მაჟორიტარობის კანდიდატი პირდაპირ ხელჩართული ჩხუბით ჩაება, როგორც შს სამინისტრო, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლები, განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ კურტანიძის მიერ განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
კურტანიძის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა, რომელსაც გამარჯვებული გუნდისთვის მის დაწინაურებაში ხელი სულაც არ შეუშლია.
შსს-ს განცხადება: ‘’კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემეს გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში მოხდა.
ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით." აღნიშნული ფაქტი მაშინ უფრო დეტალურად სპეციალურ ბრიფინგზე გაახმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, ლაგოდეხის ოლქის, სოფელ ცოდნისკარის #8 უბანზე, რვა ავტომობილით, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, სადაც ორი ადამიანი სასტიკად სცემეს, ისე რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით კი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე ადგილობრივ თენგიზ სამხარაძეს უხსნის, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს თავი.
კურტანიძის აზრით, თავის გადარჩენა ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აღარ იქნებიან. კურტანიძე პირად მტრად აცხადებს ყველას, ვინც მმართველ პარტიას უჭერს მხარს.
„ვინც სააკაშვილის ქადაგებას დაიწყებს, ჩემი პირადი მტერია. მე გაფრთხილებ. შენ გინდა აქ ცხოვრება? არ გადაყვე ამათ. ხალხში ნუ დადიხარ და აგიტაციას ნუ ეწევი. მე არ გაშინებ, გეუბნები. კადრები რაც ნახე, ამის შემდეგ სააკაშვილზე, ამ ვირთხაზე დაიწყებ საუბარს? მაშინ მერე შენ თავს მიხედე,“ - ამბობს კურტანიძე ვიდეო ჩანაწერში.
კურტანიძე მოუწოდებს ადგილობრივ თენგიზ სამხარაძეს, რომ დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან. კურტანიძე ფარულ ჩანაწერებში ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებსაც აკეთებს.
რით დაკავდება პოლიციის აკადემიაში ლუკა კურტანიძე მინისტრ ღარიბაშვილს ალბათ უკვე განსაზუღვრული აქვს. მსგავსი ტიპის კადრს სისტემაში მართალაც, შეუძლია ‘’ინოვაციური’’ მეთოდების დანერგვა, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები მრავალი წლის წინ გადაეჩვიენ.
0