11:05:48     11-01-2013
თენგიზ გუნავა: სამსახურს პოლიტიკური ნიშნით არც ერთი თანამშრომელი არ დაკარგავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი თენგიზ გუნავა მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. ‘’პრესა.ჯი’’ პრეზიდენტის რწმუნებულს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.
პრესა.ჯი: ბატონო თენგო, რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავთ პირველ რიგში?
- არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ამიტომ მუშაობას დილიდან შევუდექით. რამდენიმე წუთში მარტვილში ვიქნები. კარგად იცით რა მდგომარეობაა თვითმმართველობაში. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პირადად შევხვდე მარტვილის საკრებულოს წევრებსა და გამგეობის თანამშრომლებს და „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე მათგან მოვისმინო ინფორმაცია. ვიმედოვნებ, რომ პრობლემის სრულ ესკალაციას შევძლებთ.
- თუ გეგმავთ რაიმე სახის საკადრო ცვლილებას გუბერნიაში?
- ამ ეტაპზე არც ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვევებას არ ვგეგმავთ. მე მათი მუშაობის პრინციპს უნდა გავეცნო. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ის, რომ სამსახურს პოლიტიკური ნიშნით არც ერთი თანამშრომელი არ დაკარგავს.
- გუშინ პრეზიდენტმა მოგიწოდათ რომ აუცილებლად ითანამშრომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, შეძლებთ თუ არა წყენის დავიწყებას, (თქვენს ორჯერ დაკავებას ვგულისხმობ) და კოსტრუქციულ თანამშრომლობას?
- ჩემი მხრიდან ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა არსებობს. ის პროექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს წამოიწყო და ამჟამად გაჩერდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან სამეგრელოსთვის ეს მშენებლობები მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს, ამიტომ ამ საკითხებზე აუცილებელიც კია მთავრობასთან საუბარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოში მაცხოვრებელი ადამიანი თავს ბევრად უკეთ გრძნობდეს, ვიდრე ახლა. დღეს მე სპეციალისტებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლი ანაკლიის ტერიტორიაზე შეჩერებული მშენებლობების საკითხს. გპირდებით, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ძალიან მომთხოვნი ვიქნები, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პროექტები რეგიონის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.
0