როგორ სძალავენ სასურველ ჩვენებებს ღარიბაშვილის უწყებაში როგორ სძალავენ სასურველ ჩვენებებს ღარიბაშვილის უწყებაში />


  16:57:47     10-01-2013

როგორ სძალავენ სასურველ ჩვენებებს ღარიბაშვილის უწყებაში

a22916.jpg

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ვანის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

როგორც ნადირაშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთი თვის წინ, მოქალაქე ალეკო ქავთარაძე  ვანის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე ლევან გეგენიშვილმა  განყოფილებაში დაიბარა და სასურველი ჩვენების მისაღებად სამართლებრივი ნორმების გვერდის ავლით 8 საათის განმავლობაში კითხავდა შემდეგ კი ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ირმა ნადირაშვილი: "აღსანიშნავია, რომ განყოფილებაში ქავთარაძე მოწმის სტატუსითაც არ იყო მიყვანილი. პოლიციაში ცდილობდნენ გამოეძალათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ადამიანზე. როცა ეს არ მოხერხდა, ლევან გეგენიშვილმა, ვანის პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, ალეკო ქავთარაძე პოლიციის მანქანით წაიყვანა ტყეში, რიონის პირას, ესროლა მას ცეცხლსასროლი იარაღი და დაჭრა ფეხის არეში. რის შემდეგაც დაჭრილი ჯერ კერძო ექიმთან მიიყვანეს (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან არ მინდა ეს ადამიანიც  აღმოჩნდეს ზეწოლის მსხვერპლი).

მას შემდეგ, რაც კერძო ექიმმა განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ოჯახურ პირობებში ტყვიის ამოღება, სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ ქავთარაძე ქუთაისის ავტო ქარხნის საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც ქავთარაძეს სპეციალური მკურნალობა ჩაუტარდა. რის შემდეგაც ექიმმა ბობოხიძემ  შეტყობინება გაგზავნა ვანის პოლიციაში, რომელიც უბნის ინსპექტორმა მამუკა შალამბერიძემ მიიღო". 

უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტიც წარუდგინა.

ნადირაშვილის თქმით აღნიშნული დოკუმენტი ყველა წესის დაცვითაა შედგენილი და აქვს ნომერიც.

ამასთან, როგორც დეპუტატი აცხადებს, მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი. თუმცა, გავიდა ერთი თვე მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ, მაგრამ ამ ფაქტს ამ დრომდე არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბის მოსაკვლევად ადგილზე  გენერალური ინსპექციაც გაუშვა, თუმცა იქ მათ აუხსნეს, რომ საქმე არ გამწვავებულა, რომ ჩაფარცხულია და ჩათვალეს, რომ ამ მოვლენაზე შემდეგი მოკვლევა არ ჩატარებულიყო“,- აცხადებს პარლამენტის წევრი.

საქმის მიჩქმალვის მთავარ მოტივიად ირმა ნადირაშვილი იმ ფაქტს ასახელებს, რომ  იმ ორ თანამშრომელს შორის, რომლებიც რიონის პირას გეგენიშვილთან ერთად  იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის  მოადგილე რაულ შველიძის ოჯახის წევრია.  

რაც შეეხება ლევან გეგენიშვილს, ნადირაშვილის ინფორმაციით, ის დაკავებული თანამდებობიდან უკვე გაუშვეს, თუმცა აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო.

„ორი თანამშრომელი კი, რომლებმაც სასურველი ჩვენების მისაღებად მოქალაქე ალეკო ქავთარაძე ტყეში წაიყვანეს, დღემდე რჩებიან თანამდებობებზე“,- განმარტა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

როგორც საუბრის ბოლოს მან განაცხადა, უმცირესობა ინცინდენტში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.

ირმა ნადირაშვილი: "თუ ამ ფაქტს სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, იარაღის მუქარით ჩვენების გამოძალვა არის ძალიან მძიმე ტიპის დანაშაული და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამაზე გამოძიება. ეს იყო ადამიანის დახვრეტის მცდელობა და იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა ეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ან მის მამას, დახვრეტის მუხლი საქართველოში გაუქმებულია.

თუ ადამიანს რაიმე სახის დანაშაული აქვს ჩადენილი, სჯობს ეს სამართლებრივად იყოს გამოძიებული. თუ შს სამინისტრო, გენერალური პროკურატურა არ ჩაერევა საქმეში და არ მოხდება აღნიშნული საქმის უსწრაფესად გამოძიება, ჩავთვლით, რომ შემდეგ დადგება აუცილებლობა პარლამენტმა მიიღოს ზომები და მოსთხოვოს შს სამინისტროს ფაქტის გამოძიება და მომხდარში მონაწილე პირების დაკავება".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, მომხდარის მეორე დღესვე ‘’პრესა.ჯი’’ შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უარყო.

0

ავტორი: