საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ურჩევს საქმის კეთებით დაკავდეს საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ურჩევს საქმის კეთებით დაკავდეს />


  16:09:41     10-01-2013

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ურჩევს საქმის კეთებით დაკავდეს

a22914.jpg

სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე შს გენ. ინსპექციის ყოფილი უფროსი - თენგიზ გუნავა ოფიციალურად წარადგინა.  

პრეზიდენტის  განცხადებით, გუნავა აგვისტოს ომის გმირია.

მიხეილ სააკაშვილი: მისი შს სამინისტროში მუშაობის დროს სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დამყარდა. მთლიანად ამოიძირკვა ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები, ამოიძირკვა მძიმე დანაშაული, კონტრაბანდა...

მე მას ვიცნობ, როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. კარგად მახსოვს ის ოპერაციები, რომელიც თენგო გუნავამ განახორციელა. 2008 წელს მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს ჩვენი ორი სახმელეთო საზღვაო კატარღა. თენგომ  ოკუპანტებს აუფეთქა საჰაერო დანადგარები, რომლებიც რუსებს, როგორც სამხედრო ნადავლი, გაჰქონდათ. ეს ძალიან რთული ოპერაციები იყო. ამასთან, მან გადაარჩინა ჩვენი რადარები ფოთში. კარგად მახსოვს, როცა პირადად ჩავედი ფოთში და რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ, ის გადაეღობა მცირე შენაერთით ოკუპანტებს.

პრეზიდენტი ახალი ხელისუფლების მიერ გუნავას მიმართ განხორციელებულ დაკავებების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს და გმირებს, რა თქმა უნდა, ნამდვილ ომის გმირებს აქვს პრობლემები“.

თვითმმართველ ორგანოებსა და მთავრობას შორის არსებული პრობლემების   მიუხედავად, სააკაშვილმა ახალ რწმუნებულს მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველა გუბერნატორმა ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, თუმცა გუბერნატორის მოვალეობაა დაიცვას ის მონაპოვრები, რაც საქართველოს ჰქონდა. დღეს, როცა იქმნება პრობლემები, ძალიან ბევრი წარსულის კადრი, გასვრილი კრიმინალსა და კონტრაბანდაში, მათ შორის სიგარეტის, ჯართის და სხვა მსგავს კონტრაბანდაში, დაბრუნდა თანამდებობაზე. მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში და სახელმწიფო ორგანოებში. მაგალითად: სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის პერიოდის კადრი, რომლის მეტსახელია ყულაბაა. აქ დაბრუნდნენ ხალხი, რომლებსაც თავის დროზე გადახდილი ჰქონდათ ფული თანამდებობაზე დანიშვნისთვის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, პატრულის მიერ ქრთამის აღების ფაქტებიც დაფიქსირდა.

გუბერნატორის წარდგენისას ქვეყნის პირველმა პირმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების ბრძანებით შეჩერდა.

მიხეილ სააკაშვილი: გვქონდა ძალიან გრანდიოზული გეგმები, სამეგრელოს რეგიონთან დაკავშირებით. შეჩერებიულია დიდი პორტის მშენებლობა, რომელიც სამეგრელოსთვის იყო შემდგომი განვითარების წინაპირობა. საქართველოში დღეს წარსულის რესტავრაციის მცდელობა ხდება. ამიტომ ყველა რწმუნებულზე გადის ბრძოლის ხაზი, რომ საქართველოში არ მოხდეს კორუმპირებული კრიმინალური წარსულის რესტავრაცია. საქრთველომ განვითარება უნდა გააგრძელოს, ჩვენ მხოლოდ ეს გვინდა.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა ახლადარჩეულ მთავრობას ურჩია საქმეს მიხედოს.

„ჩვენი სურვილია, მთავრობამ საქმეს მიხედოს და თავი დაანებოს იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ ვუშლით  მათ ხელს. ჩვენ არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ ვაწყობთ. ერთადერთი რაც გვინდა, ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ აკეთოს საქმე და მისცეს საშუალება ეკონომიკას განვითარდეს. გააგრძელოს დაწყებული პროექტები და მოსახლეობას გაუმართოს ხელი. ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა აქამდე და ეს იქნება ჩვენი საზრუნავი მომავალშიც. აქამდე ჩვენი კითხვა იყო განვითარდებოდა თუ არა საქართველო უფრო ჩქარი ტემპით, დღეს სამწუხაროდ ისმება კითხვა: გადარჩება თუ არა ის, რაც უკვე მიღწეულია.  ამ კითხვას ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვსვამდით, ახლა კი 90 -იან წლებში კითხვის დასმის პროცესში დავბრუნდით“,- დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

რაც შეეხება ახალ გუბერნატორს, თენგიზ გუნავამ პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

თენგიზ გუნავა: ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის. მზად ვარ ვემსახურო ჩემს რეგიონს.

0

ავტორი: