ზუგდიდის ახალმა გამგებელმა 16 თანამშრომელს განცხადების დაწერა მოსთხოვა ზუგდიდის ახალმა გამგებელმა 16 თანამშრომელს განცხადების დაწერა მოსთხოვა />


  11:48:11     10-01-2013

ზუგდიდის ახალმა გამგებელმა 16 თანამშრომელს განცხადების დაწერა მოსთხოვა

a22903.jpg

პოლიტიკური მოტივით თანამშრომელთა სამსახურებიდან გათავისუფლება ზუგდიდის გამგეობაშიც დაიწყო.

‘’პრესა.ჯი’’-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი ედიშერ თოლორაია თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას ურჩევს. ინფორმირებული წყაროს ცნობით, თოლორაიამ გუშინ 16 - მდე თანამშრომელი კაბინეტში დაიბარა და სამსახურიდან თავისი ნებით წასვლა შესთავაზა.

„ვერ გეტყვით, რომ ეს ზეწოლა იყო, უბრალოდ მან თანამშრომლებს შესთავაზა თავისი სურვილით დაეტოვებინათ სამსახური და მოთხოვნა, თუ თხოვნა ხელისუფლების ცვლილებას დაუკავშირა“,- ამბობს გამგეობის თანამშრომელი, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის განყოფილების უფროსს კობა ქირიას დავუკავშირდით, თუმცა ქირია ირწმუნება, რომ თანამშრომელთა წასვლის შესახებ არაფერი იცის.

„გუშინ საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, ამიტომ ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერ უარვყოფ“,- განაცხადა კობა ქირიამ და გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან -  მაია ღურწკაიასთან გადაგვამისამართა.

რატომ დამალა ქირიამ იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მისი არსებობა, რომელსაც განცხადების დაწერას სთხოვენ, გაუგებარია.

რაც შეეხება პრესსამსახურ მაია ღურწკაიას, ის აცხადებს, რომ თანამშრომელთა სამახურიდან გაშვება გამგეობაში დაწყებულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

მაია ღურწკაია: გუშინ ყველა სამსახურის უფროსის მონაწილეობით გამგეობაში თათბირი ჩატარდა. მას შემდეგ, რაც ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა, რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. ეს პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. რამდენიმე თანამშრომელმა გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.  მალე გამოცხადდება კონკურსი აღნიშნულ თანამდებობებზე, ვინც ამ საკონკურსო ეტაპს გაივლის, დაიკავებს ვაკანტურ პოსტებს. არ არის გამორიცხული გათავისუფლებულმა თანამშრომლებმაც მიიღონ კონკურსში მონაწილეობა“,- განაცხადა ღურწკაიამ.

ზუგდიდის გამგეობა ერთადერთი არ არის, საიდანაც თანამშრომლებს წასვლას აიძულებენ. იგივე მოხდა გორში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. თათბირი გორის გამგეობის შენობაში გამგებელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა - პაპუნა კობერიძემ გამართა.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა აიძულეს ხობში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხრა სამსახურის უფროსს და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს.

0

ავტორი: