16:17:38     09-01-2013
რატომ მალავენ იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებმაც გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს?

შს სამინისტროს დღემდე არ დაუსახელებია იმ პოლიციელთა ვინაობა, რომლებმაც გენ-ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა, პოლიციელების მხრიდან გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება აღიარა, საზოგადოებამ მოძალადე და დამნაშავე „ოპერების“ ვინაობა ამ დრომდე არ იცის.
ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიციის იმ მაღალჩინოსნის ვინაობა დაუსახელებია, ვინც რიგითებს თენგიზ გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება უბრძანა.
„გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურეობრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე.გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.
ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
შს სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ის მნიშვნელოვანი დეტალებიც, რის გამოც თენგიზ გუნავა რამდენიმე დღის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. მეტიც, თავდაპირველად, მინისტრი ღარიბაშვილი საზოგადოებას ურცხვად არწმუნებდა, რომ გუნავა დამნაშავე იყო და მას დაკავებისას უკანონო იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. ღარიბაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ გუნავა დაკავების მომენტში ნარკოტიკური ნივთიერების მოხმარების ქვეშ იმყოფებოდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა გამოაქვეყნა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც მას, ორგანიზმში ნარკოტიკური ნივთიერებები არ აღმოაჩნდა, მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარება „იკადრა“...
თენგიზ გუნავას განცხადებით კი, მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება, რიგით პოლიციელებს, შს მინისტრის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბედიამ უბრძანა.
მართლაც, შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ რიგითმა პოლიციელმა, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსისთვის, თენგიზ გუნავასთვის ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება და შემდეგ მისი დაკავება, თვითნებურად გადაწყვიტა?
„პრესა.ჯი“: ჩვენი ინფორმაციით, შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან არ დაუთხოვია. ისინი დღესაც მუშაობენ სამინისტროში...
ნინო გიორგობიანი: ბატონმა მინისტრმა ბოლოს გააკეთა განცხადება, რომ გათავისუფლებულებს კიდევ ერთი პირი დაემატა. რაც შეეხება თქვენ კითხვას, არიან თუ არა, ეს პირები რეალურად გათავისუფლებულები, შემიძლია გითხრათ რომ არც ერთი მათგანი სამინისტროში არ დაუბრუნებიათ. ისინი გათავისუფლებულები არიან.
- მათ გვარებსა და თანამდებობებს ხომ ვერ გვეტყვით?
- ამას გაგირკვევთ და როგორც კი მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას მოვიძიებ მე თვითონ დაგიკავშირდებით“.
და კიდევ - უწყინარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს: რატომ არ გაათავისუფლა ან დასაჯა შს სამინისტრომ პოლიციის ის მაღალჩინოსნები (ტაბატაძე-ბედია), რომლებმაც რიგითებს, დაზარალებულის განცხადებით, გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება და შემდეგ მისი აბსურდული ბრალდებით დაკავება უბრძანეს?
საკმარისია მოძალადე პოლიციელების თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლება მაშინ, როცა ნარკოტიკისა და იარაღის ჩადება და შემდეგ ცრუ ბრალდებით პირის დაკავება, სისხლის სამართლის დანაშაულია?
0