16:06:09     09-01-2013
თეა წულუკიანი: მეამაყება, რომ დღეს პროკურატურა ბედნიერია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროში სოზარ სუბართან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და საზოგადოებას ამნისტიის კანონის აღსრულების თანმიმდევრობა ამცნო. ერთობლივ ბრიფინგზე მან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა და განაცხადა, რომ პროკურატურა ამნისტირებული პატიმრების ციხიდან გამოშვებით ბედნიერია.
თეა წულუკიანი: ვულოცავთ მათ მთელი მთავრობის სახელით. რაც უნდა გასაკვირი იყოს მე მეამაყება, რომ დღეს პროკურატურა არის ბედნიერი იმით, რომ პატიმრები ციხეებს ტოვებენ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მუდმივი ბრძოლის მიუხედავად, ამნისტიის შესახებ კანონი მაინც მიიღო. 190 პატიმარს მინდა მივულოცო, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან მეორე დღესვე დატოვებენ საპატიმროებს. იუსტიციის სამინისტრო ფეხს აუწყობს იმ რიტმს, რომელიც მიზნად დაისახა მთავრობამ და ორკვირიან ვადაში მოხდება იმ შუამდგომლობის ფორმირება, რაც საჭიროა დანარჩენი პატიმრების გასათავისუფლებლად.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმის პირობაც დადო, რომ ამნისტირებულ პატიმრებს სწორ გზაზე სიარულში ხელს მთავრობა შეუწყობს.
სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით კი 13 იანვარს 190 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი ციხეს დატოვებს. პოლიტიკური განცხადებისგან თავი ვერც სუბარმა შეიკავა და დასძინა, რომ კმაყოფილია ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობის აღიარებით.
„13 იანვარს, 10:00 საათზე, 1 საათის გამავლობაში ყველა ციხის კარი გაიღება და 190 ადამიანი ციხეს დატოვებს“,- აუწყა ერს სუბარმა.
ეკა ბესელია თქმით კი კანონი ძალაში 12 იანვარს შევა.
ეკა ბესელია: ‘’თუ პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს 11 იანვარს ხელი არ მოაწერა მისი აღსრულება არ შეჩერდება. 12 იანვარს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი მოაწეროს ხელი კანონს და იმავე დღეს შესაძლებელი იქნება კანონი საჯარო გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალაში შევა.’’
0